ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე ადმინისტრაციული ზომები კიდევ უფრო მკაცრდება

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე ადმინისტრაციული ზომები კიდევ უფრო მკაცრდება.
“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ მოქმედი ნორმით, სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ან კანონით დადგენილი წესით ალკოჰოლური სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისათვის თავის არიდება, მართვის უფლების 6 თვით შეჩერებას იწვევს. ამასთან, დღეს კანონი მართვის უფლების შეჩერების 700-ლარიანი ჯარიმით შეცვლასაც უშვებს. ცვლილებები “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის“ ამ ნაწილში იგეგმება, რომლის მიხედვითაც, ავტომობილის ნასვამ მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, მძღოლს 6 თვით შეჩერებული მართვის უფლება გამოცდის ჩაბარების შემდეგ ან საპატრული პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ აღუდგება, თუმცა აღნიშნულ შემთხვევაში, პირს მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების ან 1000-ლარიანი ჯარიმის გადახდის უფლება სამართალდარღვევის ჩადენიდან 3-თვის შემდეგ ენიჭება. ​აღნიშნული ინიციატივა წარმოდგენილია “საგზაო მოძრაობის შესახებ“ საკანონმდებლო პაკეტის ფარგლებში, რომლის მთავარ სიახლეს მართვის მოწმობაზე 100-ქულიანი სისტემის მინიჭების წესი წარმოადგენს. თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელიც მართვის მოწმობის მფლობელის მიერ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში იქნება ჩადენილი, გამოიწვევს მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას. კალენდარული წლის განმავლობაში, სამართალდარღვევების გამო, ქულების 0-მდე შემცირება ერთი წლით მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს. აღნიშნული ვადის გასვლამდე, პირი მართვის უფლების აღდგენას მართვის უფლების მისაღები გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში შეძლებს, ხოლო თუ მას ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მეორეჯერ ამოეწურა მინიჭებული ქულები, იგი მიმდინარე კალენდარული წლის დასრულებამდე გამოცდის ჩაბარების გზით მართვის უფლების აღდგენას ვეღარ შეძლებს .

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები