გამოფენა – „XX საუკუნის I ნახევრის ქართული მხატვრობა” გაიხსნება

6 აპრილს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გამოფენა „XX საუკუნის I ნახევრის ქართული მხატვრობა” გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ქართული ხელოვნების კოლექციის საუკეთესო ნიმუშები, იმ შემოქმედთა მხატვრული მემკვიდრეობა, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს XX საუკუნის სახვით ხელოვნებას საქართველოში.
XX საუკუნის I ნახევრის სახვითი ხელოვნების ფართო სპექტრით წარმოდგენა ნათელყოფს ქართული მხატვრული სკოლის მრავალფეროვნებას, მის თანადროულობას ზოგად ევროპულ მხატვრულ პროცესებთან და, ამავე დროს, მის მკვეთრად გამოხატულ ეროვნულ თავისებურებას, თვალსაჩინო ქართველი მხატვრების შემოქმედებას და მათ შემოქმედებით ინდივიდუალობას.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება: მოსე თოიძის, დიმიტრი შევარდნაძის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, ალექსანდრე ბაჟბეუქ-მელიქოვის, კირილე ზდანევიჩის, შალვა ქიქოძის, ქეთევან მაღალაშვილის, ელენე ახვლედიანის, თამარ აბაკელიას, ალექსანდრე ციმაკურიძის, აპოლონ ქუთათელაძის, მიხეილ ბილანიშვილის, ფელიქს ვარლამიშვილის,   პეტრე ოცხელის, ირაკლი გამრეკელის, სერგო ქობულაძის, უჩა ჯაფარიძისა და კორნელი სანაძის ნამუშევრები.
აღნიშნული ექსპოზიცია გაგრძელებაა გამოფენისა – „შედევრები ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან”.
გამოფენა 13 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.
მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, ლადო გუდიაშვილის ქ. 1

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები