ფოტოგამოფენა – „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“ გაიხსნება

3 აპრილს, 14:00 საათზე, კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალის ორგანიზებით, გაიხსნება ფოტოგამოფენა – „საქართველოს ევროპული ისტორიის ფურცლები“.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, ღონისძიების მიზანია, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაინახოს, რომ საუკუნეების მანძილზე საქართველოსა და ევროპას მჭიდრო კავშირი ჰქონდა. ამის უტყუარი და საუკეთესო დასტური კი სწორედ ხელნაწერი მემკვიდრეობაა, რომელიც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში იყრის თავს.
„საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ ერთ-ერთ მონაკვეთს, ყოველთვის მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა სხვა ხალხებთან, ქართული კულტურა არასდროს ყოფილა იზოლირებული და ჩაკეტილი. საქართველოს სახელმწიფო და ქართველი ხალხი თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე დასავლეთისკენ ისწრაფოდა, რაც გამოიხატებოდა როგორც მათ საზოგადოებრივ წყობაში – ფეოდალიზმში, ასევე იმ ინტერესში, რასაც ქართველი ხალხი ევროპული მიღწევებისა და ევროპული ნააზრევისადმი იჩენდა. ევროპელი მოგზაურების მიერ დატოვებული საქართველოსა და ქართველების მრავალრიცხოვანი აღწერილობებიც ამის დასტურია.
წერილები, ჩანაწერები, ფოტოები, ხელნაწერები ეს არის ქართველი ხალხის ევროპასთან ურთიერთობის ამსახველი წერილობითი ძეგლები, – გამოფენაზე სწორედ ამ მასალის ფოტოასლები იქნება წარმოდგენილი. ასევე ვიზიტორებისთვის ლექციას წაიკითხავს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენებისა და განათლების სამსახურის ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
აღსანიშნავია, რომ გამოფენა 30 მარტს, თბილისში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიხსნა.
3 აპრილიდან 13 აპრილის ჩათვლით გამოფენას უფლისციხე უმასპინძლებს, გარდა ამისა გამოფენა კიდევ რამდენიმე ქალაქს: ქუთაისი, ფოთი, ოზურგეთი, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, ბორჯომი, მესტია მოივლის. თითოეულ ქალაქში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს სალექციო შეხვედრას. ლექციას გაუძღვებიან ცენტრის მეცნიერი თანამშრომლები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები