საიუბილეო-საგასტროლო ტურნე: „ილია ჭავჭავაძე – უკვდავების ფენომენი“  იწყება

2017 წელი ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წელია. მისი დაბადებიდან სრულდება 180, ხოლო მკვლელობიდან 110 წელი. ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა 3 აპრილს დაიწყება, შემოქმედებითი გაერთიანება „ეროვნული იმპერატივისა“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის“ ერთობლივი პროექტით – საიუბილეო საგასტროლო ტურნე: „ილია ჭავჭავაძე – უკვდავების ფენომენი“ მოეწყობა.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა განუცხადეს, პროექტი 3 აპრილს ქუთაისიდან დაიწყება და 3 თვის განმავლობაში საქართველოს 30 ქალაქს მოიცავს.
„საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის პირობებში, პირველი შემთხვევა იქნება, როდესაც ილია ჭავჭავაძის იუბილე სათანადო მასშტაბით, მით უფრო რეგიონების უშუალო ჩართულობით აღინიშნება. პროექტის სოციალური, კულტურული და საზოგადოებრივი პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, რეგიონების ადგილობრივი მოსახლეობის რთული სოციალური ფონის გათვალისწiნებით, რათა მათ უპრობლემოდ შეძლონ საიუბილეო ღონისძიებების ხილვა, ყოველ ქალაქში, ყველა აქტივობაზე დასწრება თავისუფალი იქნება.
ილია ჭავჭავაძის მუდმივი ხსოვნა, მისი მოძღვრებების პოპულარიზაცია, მადლიერების თუნდაც სიმბოლური გამოხატულება „ახალ დროების წინამორბედისადმი“ მთელი ერის ვალია. მისი საიუბილეო წლის აღნიშვნა კი ქვეყნის მასშტაბით ის სოციო-კულტურული აქტია, რომელიც საზოგადოების სახეს განსაზღვრავს“, – განუცხადა „კვირას“ ორგანიზაცია „ეროვნული იმპერატივის“ წარმომადგენელმა გიორგი სავანელმა.
მისივე თქმით, საზოგადოებრივი თვალსაზრისით ამ ფაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან ილიას იუბილე საქართველოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არსებობის პირობებში არც 1997 და არც 2007 წელს არ აღნიშნულა. „ორგანიზატორების მიერ დაგეგმილი წინამდებარე პროექტი პირველი იქნება ამ თვალსაზრისით. ასევე, ილია ჭავჭავაძის საიუბილეო წლის პირველი აქტივობაა საქართველოს მასშტაბით („ეროვნული იმპერატივი“ და „ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდი“ საიუბილეოდ კიდევ არაერთ პროექტს გეგმავენ მიმდინარე წელს), რადგან ამ დროისათვის არცერთ სხვა სამთავრობო თუ არასამთავრობო უწყებას ამ მხრივ ჯერ არავითარი ინიციატივა არ გამოუვლენია“.
პროექტი „ილია ჭავჭავაძე – უკვდავების ფენომენი“ ითვალისწინებს საქართველოს რეგიონების მუნიციპალურ ცენტრებში, პირველ ეტაპზე 30 ქალაქში საიუბილეო ღონისძიებების განხორციელებას. თითოეულ ქალაქში ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება:
– ილია ჭავჭავაძის შესახებ შექმნილი სახვითი ხელოვნების  ნიმუშები, შესრულებული თანამედროვე არტისტების მიერ. ექსპოზიციაში გაერთიანებული იქნება გიორგი გეგეჭკორისა და ალექსანდრე ციხელაშვილის ილიას ფერწერული პორტრეტები; გია ჯაფარიძის, გენადი ზაქარაიას და მერაბ მერაბიშვილის ილიას სკულპტურული ქანდაკებები, ირაკლი მაისურაძის, ქეთევან ყურაშვილის, ირაკლი ჭუმბურიძის და თამარ რიგიშვილის მიერ დაწერილი წმ. ილია მართლის ხატები – რომლებიც პირველად გამოიფინება ფართო აუდიტორიის წინაშე, რადგან ეს ნიმუშები დაცული იყო ავტორთა პირად ან სხვა კერძო კოლექციებში.
– სპექტაკლი „საუკუნის მკვლელობა“ (ავტორი და რეჟისორი გიორგი სავანელი), რომელშიც ილიას ცხოვრების ეპოპეას გვიყვება. ილიას ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ, ახალი დრამატურგიული ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლში მოქმედება ვითარდება ილიას პეტერბურგიდან დაბრუნებიდან მისი მკვლელობის დღემდე და სცენაზე ცოცხლდება მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ისტორიული პერიპეტიები და ილიას თანამედროვე ისტორიული პერსონაჟები.
სპექტაკლი ნ. დუმბაძის სახ. მოზარდმაყურებელთა სახელმწიფო თეატრის რეპერტუარში მეორე სეზონია გადის და მასში მონაწილეობენ მსახიობები: გიორგი იარაჯული, თეკა კოხრეიძე, ქეთევან შერვაშიძე, ასმათ ქურციკიძე, თამარ ლოლაშვილი, გიორგი სავანელი, თორნიკე ჩიხლაძე, გიორგი გურული, თამარ ადამია, ვაკო კობერიძე, ცოტნე ხუბუტია, ლაშა ჩხვიმიანი.
პროექტის მხარდამჭერები არიან: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, საქართველოს საპატრიარქო, აჭარის ა/რ კულტურის და განათლების სამინისტრო, „ჯორჯიან ამერიქან ელოის“, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი და ადგილობრივი თვითმმართველობები. მედიამხარდამჭერები კი – ტელეკომპანია „იბერია“ და საინფორმაციო-ანალიტიკური პორტალი „კვირა“.

 

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები