კავკასიური ეპოსი ქართულად და ოსურად გამოიცა

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ახალი გამოცემების წარდგენა. უძველესი კავკასიური მითებისა და ლეგენდების კრებული „ნართების თქმულებები ბავშვებისათვის“ და ქართულ-ოსური, ოსურ-ქართული ლექსიკონები გამოცემულია არასამთავრობო ორგანიზაციის „კავკასიური მოზაიკა“ მიერ, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
ღონისძიებას, რომელიც ხვალ 3 აპრილს გაიმართება, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსური ურთიერთობის კვლევის ცენტრის პროფესორი და არასამთავრობო ორგანიზაციის „კავკასიური მოზაიკა“ თავმჯდომარე ნაირა ბეპიევა გახსნიან.
ღონისძიების დასასრულს გაიმართება ფოლკლორული ჯგუფის „ნართები“ კონცერტი.
ამასთანავე წიგნის პრეზენტაციას, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
„ნართების თქმულებები ბავშვებისათვის“ უძველესი კავკასიური ეპოსის ადაპტირებული გამოცემაა. წიგნი გაფორმებულია ქართველი და ოსი მხატვრების ილუსტრაციებით. ნართული საგას საბავშვო ადაპტაცია პირველად გამოიცა. მისი გავრცელება იგეგმება თბილისისა და ცხინვალის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში.
ქართულ-ოსური, ოსურ-ქართული ლექსიკონების პირველი გამოცემა 2012 წელს გამოიცა, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით.
საზოგადოებრივი ინტერესისა და მზარდი მოთხოვნის გათვალისწინებით, 2016 წლის ბოლოს დასრულდა ლექსიკონების მესამე, უფრო სრული გამოცემის შედგენა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები