პროექტები, რომლებიც დედაქალაქში არსებულ ეკოლოგიურ და სატრანსპორტო ვითარებას გააუმჯობესებს – მამუკა სალუქვაძე დეტალებზე საუბრობს

„კომპაქტური ქალაქი“, „მწვანე ქალაქი“ და „კარგად შეკავშირებული ქალაქი“ – ეს დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაში ჩადებული ის ძირითადი მიმართულებებია, რომელთა განხორციელებაც თბილისში არსებულ ვითარებას არსებითად გააუმჯობესებს. აღნიშნული მიმართულებებით დაგეგმილ ღონისძიებებსა და ხედვაზე „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის საპროექტო ჯგუფის – „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ხელმძღვანელმა, მამუკა სალუქვაძემ ისაუბრა.
„არის საკმაოდ ბევრი რესურსი იმისთვის, რომ ოპტიმალურად და რაციონალურად იქნეს გამოყენებული ქალაქის შიგნით არსებული ტერიტორიები, ქალაქის პოლიცენტრულობა – ეს არის სრული სიახლე. ჩვენ შეჩვეულები ვართ ერთი ცენტრის ქონას და ყველა სერვისისთვის სწორედ ამ ცენტრს ვტვირთავთ, მათ შორის სატრანსპორტო მოძრაობით. ეს ყველაფერი ქალაქის ცენტრს უამრავ პრობლემას, მათ შორის ეკოლოგიურ პრობლემებს უქმნის, ასევე, საცობების პრობლემას იწვევს. სწორედ პოლიცენტრულობა არის ის ერთ-ერთი მთავარი, რასაც ქალაქს ვთავაზობთ და მიგვაჩნია, რომ ქალაქის რაოდენობრივად დიდ უბნებში ამგვარი ცენტრების ჩამოყალიბება ქალაქს საშუალებას მისცემს, განიტვირთოს ქალაქის ცენტრი და ის სერვისები, რომლებიც სჭირდება ამა თუ იმ რაიონს ადგილზე იქნას მიწოდებული“, – განაცხადა მამუკა სალუქვაძემ.
მისვე თქმით, ასევე ძალიან მნიშნველოვანია მწვანე ინფრასტრუქტურის შექმნა. მამუკა სალუქვაძე აცხადებს, რომ ამ მიმართულებით დედაქალაქში არასახარბიელო მდგომარეობაა.
„ძალიან მნიშვნელოვანია „მწვანე ქალაქის“ მიმართულება, აქ მდინარის და ქალაქის ურთიერთობა წამოვწიეთ – ეს პრობლემა არსებობს იმიტომ, რომ მდინარე თავისთვის მიედინება და ქალაქი თავისთვის ცხოვრობს. ჩვენ გვინდა, რომ რეკრეაციული -გამწვანებული ტერიტორების მეშვეობით, შევძლოთ და ქალაქში არსებულ მდინარესთან ახლოს მივიდეთ. ბუნებრივია, აქ თავად მტკვრის ეკოლოგიური პრობლემები იქნება გადასაწყვეტი, მერია მტკვრის სანაპიროების გაწმენდას ახორციელებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მდინარის კალაპოტის გაწმენდა. ძალიან მნიშვნელოვანია მწვანე ინფრასტრუქტურის შექმნა – გამწვანების წილი ძალიან მცირეა ქალაქის განაშენიანებულ ნაწილში, დაახლოებით 5% მთელი რეკრეაციისა. ჩვენი გათვლებით, გამწვანების 3-4 კვადრატული მეტრ ფართობი მოდის ერთ სულ მოსახლეზე, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს 10-11 კვადრატულ მეტრამდე გავზარდოთ -ვერ გეტყვით, რომ ეს ფანტასტიკური მაჩვენებელია, მაგრამ ის მოცემულობა,რომელსაც ამ ეტაპზე გვაძლევს თბილისი, მართლაც ცუდი მდგომარეობაა, შეიძლება ითქვას, რომ სანთლით ვეძებთ ტერიტორიებს, რომლებიც ჩვენ შეიძლება გამწვანების და რეკრეაციის ფუნქციით დავტვირთოთ. რაც შეეხება მესამე ნაწილს ეს არის კარგად შეკავშირებული ქალაქი, ანუ სატრანსპორტო სახის გადაწყვეტები. პირველ რიგში, ეს იქნება განივ კავშირებზე აქცენტის გაკეთება. მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროები არათანაბრად რომ არის განვითარებული, ეს ძალიან კარგად მოგვეხსენება. აქედან გამომდინარე, მტკვრის მარცხენა სანაპიროს განვითარებისთვის მნიშვნელოვანად მიგვაჩნია მიწვდომადობის გაზრდა“, -აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებულ გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასკვნით ფაზაშია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები