ევროპული საბჭოს პრეზიდენტი: უვიზო რეჟიმის ამოქმედებით, საქართველო და ევროკავშირი დაუახლოვდნენ ერთმანეთს

​”დღეს არ არის რიგითი დღე, დღეს განსაკუთრებული დღეა, რომელიც დაემთხვა საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებას”, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ტუსკმა აღნიშნა, ვიზალიბერალიზაცია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
„ეს იყო გრძელი გზა, თუმცა უვიზო რეჟიმის ამოქმედებით, საქართველო და ევროკავშირი დაუახლოვდნენ ერთმანეთს. საქართველომ დიდი სამუშაო შეასრულა. ეს ისტორიული დღეა ყველა ჩვენგანისთვის, განსაკუთრებით საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებისთვის“, – აღნიშნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.
დონალდ ტუსკის თქმით, ევროკავშირი განაგრძობს საქართველოსთვის დახმარების გაწევას.
„ჩვენ ველოდებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის მოცულობის ზრდას. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დაადასტურა საქართველოს ერთგულება მედიაპლურალიზმის საკითხში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის გათვალისწინებით. ევროკავშირი ამ მიმართულებით კონკრეტულ ნაბიჯებს მოელის, რათა მედიაპლურალიზმი უზრუნველყოფილი იყოს“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა.
მისვე თქმით, „როდესაც ევროკავშირი თავის საზღვრებს უხსნის საქართველოს, საქართველოს ჰყავს მეზობელი, რომელიც მას საზღვრებს უქმნის, რათა შეზღუდოს თავისუფლება, მათ შორის საქართველოს ტერიტორიის შიგნით“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები