ლევან დავითაშვილმა   „მაკდონალდსის“ ლოგისტიკური ცენტრი გახსნა

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი თბილისში,  „მაკდონალდსის“ ლოგისტიკური ცენტრის გახსნას დაესწრო, სადაც პროექტ შეღავათიანი აგროკრედიტის – “აწარმოე საქართველოში” მხარდაჭერით დაინერგა სალათის ხაზი,  რომელიც ორიენტირებულია ამიერკავკასიის მაკდონალდსის სისტემის  სრულ მომარაგებაზე. აღნიშნული სისტემების დანერგვისთვის და საწარმოს მოწყობისთვის 2,650,000 აშშ დოლარი დაიხარჯა საიდანაც 650,000 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტია.
„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ის ინსტრუმენტები, რომელსაც სახელმწიფო სთავაზობს კერძო სექტორს, იძლევა საშუალებას, საქართველო განვითარდეს როგორც ლოგისტიკური ჰაბი და იყოს რეგიონული მნიშვნელობის. მაკდონალდსი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ბრენდია, რომელიც საქართველოში გამოჩნდა და წლების განმავლობაში ძალიან გეგმაზომიერად და წარმატებით ვითარდება. ჩვენთვის ასევე ძალიან  მნიშვნელოვანია, პერსპექტივაში განვავითაროთ ადგილობრივი წარმოება, რომელიც პირდაპირ დაუკავშირდება მაკდონალდსის ლოგისტიკურ ცენტრს და მაკდონალდსის გადამამუშავებელ საწარმოებს. შესაბამისად, ქართული ადგილობრივი სოფლის მეურნეობის პროდუქცია გაჩნდეს ჯერ საქართველოში მაკდონალდსების ქსელში და შემდგომ უკვე ექსპორტზეც ვიფიქროთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
გახსნის ცერემონიალს მაკდონალდსის ლოგისტიკის ევროპის დივიზიონის დირექტორი ფილიპ მიდი, თემურ ჭყონია და გენერალური დირექტორი თენგიზ კაპანაძე ესწრებოდნენ.
„მაკდონალდსის“ ლოგისტიკური ცენტრი გათვლილია ამიერკავკასიის რეგიონზე; მისი დაგეგმარების პროცესში ჩართული იყო ევროპის მაკდონალდსი და მისი ოფიციალური პარტნიორი, გერმანული ლოგისტიკური კომპანია „ჰავი“.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ლოგისტიკური ცენტრი, რომელსაც ამიერკავკასიაში ანალოგი არ ჰყავს, აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით და ევროპაში აღიარებულ უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. საწყობი უზრუნველყოფილია -20 საყინულე, მშრალი და სამაცივრე ზონებით, რაც თავის მხრივ გულისხმობს ლოგისტიკური მომსახურების პოტენციალის სრულ სპექტრს.

  • ცენტრის სრული ფართობი შეადგენს 3300 კვ. მეტრს.
  • განხორციელებული ინვესტიცია შეადგენს 2.3 მილიონ ევროს.
  • ცენტრში დასაქმებულია 30 ადამიანი.
  • ცენტრში შესაძლებელია დღეში 1500 ტონა პროდუქციის გადამუშავება.

 „მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, მსოფლიოს 119 ქვეყანაში „მაკდონალდსის“ 36 000-ზე მეტი რესტორანი ფუნქციონირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 000 000 ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წელს გაიხსნა და დღეს უკვე 11 ფილიალი აქვს –  თბილისში, ბათუმში,  ქუთაისში, ზუგდიდსა და რუსთავში. 2016 წლის კვლევის შედეგებით, მაკდონალდს საქართველო ევროპაში საუკეთესოდ დასახელდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები