პარლამენტმა პატიმრობის კოდექსში ცვლილები პირველი მოსმენით განიხილა

დეპუტატებმა “პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” კანონპროექტი თანმდევ კანონპროეტთა პაკეტთან ერთად პირველი მოსმენით განიხილეს და ერთხმად, 92 ხმით მიიღეს.
კანონპროექტთა პაკეტი დეპუტატებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა წარუდგინა. მისი ინფორმაციით, პენიტენციურ სისტემაში იქმნება გათავისუფლებისათვის მომზადების დაწესებულება, რომელიც შეეხება დაბალი ან საშუალო რისკის იმ მსჯავრდებულებს, რომელთა თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის დარჩენილი ვადა არ აღემატება 6 თვეს. დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, დეპარტამენტის დირექტორის ნებართვით, შესაძლებელია მიეცეს უფლება დროებით დატოვოს პენიტენციური დაწესებულება, გარკვეული პირობებით. გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულების დროებით დატოვება მსჯავრდებულს შეეძლება, თუ იგი მუშაობს, სწავლობს ან სურს არასამუშაო დღეების დაწესებულების გარეთ გატარება.
“კანონპროექტი ითვალისწინებს სამუშაო დღეებში მსჯავრდებულის მიერ გარკვეული საკითხების მოსაგვარებლად დაწესებულების დროებით დატოვების შესაძლებლობასაც, თუმცა ეს ვადა ერთი კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 3 დღე–ღამეს. კახა კახიშვილის განცხადებით, უქმდება სასჯელის სახე – თავისუფლების შეზღუდვა და მკვიდრდება სასჯელის ახალი სახე – შინაპატიმრობა. “სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივ საბჭოს ენიჭება უფლებამოსილება, მსჯავრდებულის წერილობითი მოთხოვნის შემთხვევაში და კანონით განსაზღვრული საშეღავათო პერიოდის მოხდის შემდეგ, დარჩენილი სასჯელი შეუცვალოს უფრო მსუბუქი სახის სასჯელით – შინაპატიმრობით”, – განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა.
კანონპროექტში განსაზღვრულია საოჯახო პაემნით სარგებლობასთან დაკავშირებული წესები. ახლებურად რეგულირდება ქალი მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების საკითხი. კანონპროექტის თანახმად, საოჯახო პაემნით, ქალი მსჯავრდებული ისარგებლებს მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წარდგინებითა და პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის ნებართვის შემთხვევაში. „ქალ მსჯავრდებულს, რომელსაც დაწესებულებაში 3 წლამდე ბავშვი ჰყავდა და 3 წლის ასაკის მიღწევის გამო ბავშვმა დატოვა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, მიეცემა უფლება, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, უქმე დღეებში დატოვოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება”,-განაცხადა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა. მას მიაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილება ხელს შეუწყობს ბავშვის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვებისას მის გარე სამყაროსთან შეგუებას და მინიმუმამდე დაიყვანს დედასთან განშორების დროს ბავშვის ტრავმირებას.
ცვლილება ეხება, ასევე, მსჯავრდებულთა მიერ ტელევიზორითა და რადიომიმღებით სარგებლობის მარეგულირებელ ნორმებს. მინისტრის განცხადებით, იხვეწება მსჯავრდებულის ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების საკითხი.
როგორც კახა კახიშვილმა აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია უმაღლესი განათლების მიღების შესაძლებლობა. შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, მსჯავრდებულს, რომელიც განთავსებულია გათავისუფლებისათვის მომზადების ან დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, უფლება ექნება ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე – ბაკალავრიატზე- განათლების მიღების უფლებით.
სხდომაზე კანონპროექტთა პაკეტის მიმართ როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წევრების მხრიდან პოზიტიური შეფასებები გაკეთდა. ოპოზიციის წარმომადგენლის, ოთარ კახიძის მოსაზრებით, კანონპროეტთა პაკეტი ძალიან საინტერესოდაა წარმოდგენილი. მან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს წარმატება უსურვა კანონის იმპლემენტაციის პროცესში. სერგო რატიანის მოსაზრებით, უმაღლეს განათლებასთან მიმართებაში, კარგი ინიციატივაა, რომ მსჯავრდებულებს მიეცემათ სწავლის გაგრძლების საშუალება. კარგი იქნება, რომ ახალგაზრდებს, რომელთაც ჯერ არ ჩაუბარებიათ უმაღლეს სასწავლებლებში, ჩაბარების შესაძლებლობა მიეცეთ. მოგეხსენებათ, უმაღლეს სასწავლებელში ჩარიცხვა ძალიან კარგი სტიმულია ახალგაზრდისთვის და მან შესაძლოა, რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება“, – მიმართა სერგო რატიანმა კახა კახიშვილს.
დამოუკიდებელი დეპუტატის, სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებული ჰუმანური ნორმები და სტანდარტები არის ის, რაც ქგვეყნის სახეს ცვლის და საბოლოოდ შეიყვანს საქართველოს ცივილიზებულ და ევროპულ სამყაროში.
ფრაქცია “საქართველოს პატრიოტების” თავმჯდომარეს, გიორგი ლომიას მიაჩნია, რომ კანონპროეტში კარგი იქნებოდა გათვალისწინებული ყოფილიყო პატიმარებისთვის სასჯელაღსრულების დაწესებულების ტერიტორიაზე ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების საშუალების მიცემა, რაც მისივე მოსაზრებით, გათავისუფლების შემდეგ მათ რესოციალიზაციას შეუწყობს ხელს.
უმრავლესობის წარმომადგენლის, მარიამ ჯაშის განცხადებით, კანონპროექტი არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჰუმანიზაციისა და რესოციალიზაციის კუთხით.
“განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი გამოვთქვამთ მზაობას, რომ არა მარტო ბაკალავრიატში სწავლებას, არამედ დინსტანციური სწავლების ფორმატში მაგისტრატურის, დოქტორანტურის პროგრამების დანერგვასაც შევუწყოთ ხელი”, -განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მისი თქმით, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკისა და სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან ერთად კომიტეტი განახორციელებს მსჯავრდებულებისთვის ბიბლიოთეკებზე ხელმისაწვდომობის პროგრამას.
“ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებები წინგადადგმული ნაბიჯია ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. „ამას არა მარტო ჩვენი გუნდის წარმომადგენლები, არამედ საერთაშორისო დონორები და ჩვენი დასავლელი პარტნიორები აღნიშნავენ. ამით ჩვენ კიდევ უფრო ვუახლოვდებით იმ ევროპულ ოჯახს, რომლისკენაც ვისწრაფვით”, – აღნიშნა სოფო კილაძემ.
პლენარული სხდომის შესვენების დროს პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელზეც იმსჯელეს დღის წესრიგში “ქალაქ თბილისის საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის დამატების თაობაზე. კანონპროექტის მიხედვით, მეორე და მესამე კატეგორიებისთვის მიკუთვნებული მწვანე ნარგავებით დაფარული ტერიტორიების გასხვისების, აგრეთვე მათზე მშენებლობის განხორციელების დროს შესაბამისი ორგანოების მიერ მწვანე ნარგავების ჭრის ნებართვის გაცემა დასაშვები იქნება იმ შემთხვევაშიც, თუ მწვანე ნარგავები ხმელი, ხმობადი, ამორტიზებული ან ფაუტია, ხოლო აღნიშნული ფაქტი დადასტურებულია შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე პირის მიერ.
დღესვე, პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის 1 ვაკანტურ თანამდებობაზე წარმოდგენილი 6 კანდიდატურიდან 90 ხმით 2-ის წინააღმდეგ შოთა ქადაგიძე აირჩია.
პლენარულ სხდომაზე განიხილეს და მიიღეს საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ” შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე”. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი “საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თავიდან აცილების სფეროში თანამშრომლობისა და თავდაცვითი და სამხედრო კავშირების გაღრმავების შესახებ“ 1997 წლის 17 ივლისის შეთანხმების მოქმედების გაგრძელების და ცვლილების თაობაზე“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმების რატიფიცირების თაობაზე”.
დღესვე განიხილეს და მიიღეს კანონპროექტები: “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”. “საგადასახადო დავალიანებებისა და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”, “სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე”.
პარლამებნტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხვალ სხდომა არ გაიმართება.
“მოგეხსენებათ, ხვალ პარლამენტი საპატრიარქოსთან ერათად მასპინძლობს ღონისძიებას თბილის პარლამენტის შენობაში, შესაბამისად, პლენარული სხდომა განახლდება 2 კვირის შემდეგ”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები