არჩილ თალაკვაძე: არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტმა ვეტო დაადო ტერორისტულ რისკებთან გამკლავების შესაძლებლობებს

პრეზიდენტმა ვეტო დაადო ტერორისტულ რისკებთან გამკლავების შესაძლებლობებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატის თქმით, სწორედ ამ მიზეზების გამო პარლამენტი ვეტოს დაძლევს.​
დეპუტატმა პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ვეტოს გასამყარებლად მხოლოდ ორი არგუმენტი წერია.
„მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პრეზიდენტმა ვეტო დაადო არა კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას. ვეტო დაადო სამართალდამცავი სტრუქტურების შესაძლებლობას, რომ ებრძოლონ ორგანიზებულ დანაშაულს, ვეტო დაადო ტერორისტულ რისკებთან გამკლავების შესაძლებლობებს, ვეტო დაადო საქართველოს იმიჯს და საქართველოს როლს საერთაშორისო უსაფრთხოების ძალისხმევაში. სწორედ ამ მიზეზების გამო ჩვენ აუცილებლად დავძლევთ ვეტოს.
თუმცა, მანამდე არ შემიძლია არ ვისაუბრო იმ გარემოებებზე, რომელიც დღევანდელი სხდომის შემდეგ ხდება ჩვენთვის ნათელი. პირველი, რასაც ოპონენტებმა არ მიაქციეს ყურადღება, თუ წაიკითხეთ სამოტივაციო ნაწილში რა არგუმენტები წერია ვეტოს გასამაგრებლად? წერია ორად ორი არგუმეტი – ასე თქვა ქალბატონმა ანა დოლიძემ. სინამდვილეში წერია მხოლოდ ერთი არგუმეტი, რადგან მეორე მთლიანად ეხება კერძო სექტორს და ბიზნესს და არსებითად არ ეხება უსაფრთხოებას. რჩება ერთადერთი არგუმენტი, თუ ვის დაქვემდებარებაში უნდა იყოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია. ნიშნავს თუ არა ეს ერთადერთი არგუმენტი სამოტივაციო ნაწილში, რომ დანარჩენი არგუმენტები, რომელიც გქონდათ თქვენ, რომელიც ქონდათ ყველაზე კრიტიკულ ოპონენტებს – არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილს, არ იქნა გაზიარებული პრეზიდენტის მიერ.
მან არც კი ჩაწერა თავის სამოტივაციო ნაწილში თქვენი შენიშვნები, თქვენი მოდელები და არგუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემასთან დაკავშირებით. მგონი, ეს რაღაცაზე მიგვანიშნებს თუ ამას დავუმატებთ იმ ამბავს, რაც დღეს ნათელი გახდა ამ სხდომის შემდეგ და მადლობა ქალბატონ ეკას, რომ შეგვახსენა, ვეტოების სერია აქვს გამოყენებული ამ თემასთან დაკავშირებით პრეზიდენტს, სამივე ვეტოს შინაარსი არის განსხვავებული და ალბათ მომავალში მოგვიწევს მსჯელობა ამ სამი ვეტოდან რომელი იყო უფრო მართალი. ასევე, დღეს ხდება ჩვენთვის ცნობილი, შემაშფოთებელი ტენდენცია და შემაშფოთებელი გარემოება“,-განაცხადა თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები