ანა დოლიძე დეპუტატებს: თუ გგონიათ, რომ პრეზიდენტი ვეტოთი ასუსტებს ქვეყნის უსაფრთხოებას, იმოქმედეთ, აღძარით სისხლის სამართლის საქმე

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე მოუწოდებს დეპუტატებს, რომლებიც აცხადებენ, რომ პრეზიდენტი ე.წ. მოსმენების კანონთა პაკეტზე დადებული ვეტოთი ასუსტებს ქვეყნის უსაფრთხოებას და თავდაცვისუნარიანობას, მიმართოს შესაბამის ზომებს და აღძრას სისხლის სამართლის საქმე.
აღნიშნული განცხადება ანა დოლიძემ დღეს პარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვისას საკონსტიტუციო უმრავლესობის წევრი დეპუტატების საპასუხოდ გააკეთა.
“თუ თქვენ გესმით თქვენი განცხადების შინაარსი, თუ თქვენ პასუხისმგებლობით ეკიდებით საქართველოს პარლამენტის სიტყვას და გსურთ, რომ ჩვენი მოსახლეობაც პასუხისმგებლობით მოეკიდოს მსგავსი ტიპის ინსინუაციებს, მოგიწოდებთ, განახორციელოთ შესაბამისი ქმედებები, შეიტანოთ განცხადება სისხლის სამართლის საქმის აღძვრაზე შპიონაჟზე – იცით, რომ ასეთი მუხლები არსებობს.
სხვა შემთხვევაში, მსგავსი კუდიანების დევნა გვახსენებს იმ მომენტებს, იმ ეპიზოდებს, რომლის გახსენება დარწმუნებული ვარ, არც თქვენ გსურთ და არც ჩვენ და არც საქართველოს მოსახლეობას”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მისი განცხადებით, გაუგებარია, როგორ შეიძლება დასუსტდეს ქვეყნის უსაფრთხოება, როდესაც ხელისუფლება სამართლიანად აუნაზღაურებს ბიზნესს იმ ხარჯებს, რომლებსაც ის გასწევს სახელმწიფო მიზნებისთვის.
“გამოდის, რომ როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო გვთავაზობს სისტემას ეს ძირგამომთხრელია ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის პრინციპები, რომლებსაც ევროსასამართლო ადგენს, ასევე ძირგამომთხრელია ყველა ევროსაბჭოს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ასე აბსურდულ შედეგებამდე მივდივართ და თუ თქვენ მართლა ასე მიიჩნევთ, მაშინ უნდა იმოქმედოთ.
ყველანაირად სწორი იქნებოდა, რომ ადგეთ და იმოქმედოთ, შესაბამისად, თუ თვლით, რომ პრეზიდენტი ჯაშუშია და ემსახურება რაღაც ქვეყნის საწინააღმდეგო მიზნებს, გადადგით შესაბამისი ნაბიჯები.
თუ არა და, ყველაფერი ეს დანარჩენი, მხოლოდ და მხოლოდ დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნის ერთიანობისა და კონსოლიდირებულობისათვის, განსაკუთრებით, არაკეთილგანწყობილი ძალებისათვის უცხოეთში”, – მიმართა ანა დოლიძემ დეპუტატებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები