არჩილ თალაკვაძე: პრეზიდენტმა ვეტო დაადო არა კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას

“პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმას, რომ საქართველო იყოს საიმედო პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში. ეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა”, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას, ე.წ. მოსმენების შესახებ კანონზე საუბრისას განაცხადა.
​თალაკვაძის თქმით, ახალ კანონში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გადის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და გადაეცემა ახალ ორგანიზაციას, რომელსაც არ აქვს გამოძიების უშუალო ინტერესი. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია ითვლება აღმასრულებელ ფუნქციად და არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში.
„ეს არის ახალი კანონი, სადაც ბალანსი არის მოძებნილი მოცემულ დროს, კონტექსტსა და სივრცეში. ეს არის ბალანსი ადამიანის უფლებებს და უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობას შორის. ახალ კანონში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია გადის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან და გადაეცემა ახალ ორგანიზაციას, რომელსაც არ აქვს გამოძიების უშუალო ინტერესი. ზედამხედველობისა და კონტროლის მექანიზმები არის ძლიერი და შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ მოითხოვა. ეს არის საპარლამენტო კონტროლი, სასამართლო კონტროლი. ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების კონტროლი. არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციაა, მოითხოვონ მეტი და კრიტიკულად შეხედონ საკითხებს, მაგრამ მოქალაქეების უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვა, ეს არის სახელმწიფოს ვალდებულება და ამოცანა.
დასავლეთის ნებისმიერ ქვეყანაში ფარული საგამოძიებო მოქმედებების ფუნქცია ითვლება აღმასრულებელ ფუნქციად და არის აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში, ამიტომ პასუხისმგებლობა გვეკუთვნის ჩვენ და მივიღეთ კიდეც პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ვეტოს, პრეზიდენტმა ვეტო დაადო არა კანონს, არამედ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას, ვეტო დაადო ბრძოლას ორგანიზებულ დანაშაულთან, ჩვენს შესაძლებლობებს, რომ გავუმკლავდეთ ტერორიზმის რისკებს. პრეზიდენტმა ვეტო დაადო იმას, რომ საქართველო იყოს საიმედო პარტნიორი საერთაშორისო უსაფრთხოების კონტექსტში. ეს ვეტო აუცილებლად დაიძლევა,“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონთა პაკეტს ვეტო დაადო და მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს გადაუგზავნა. პარლამენტი დღევანდელ პლენარულ სესიაზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები