დიმიტრი ლორთქიფანიძე: 26 მაისის შემდეგ, შალვა ობგაიძე, როგორც მიცვალებული, ისე გავაპარეთ საავადმყოფოდან

“26 მაისის აქციის შემდეგ, 700-ზე მეტ ადამიანს აღეკვეთა თავისუფლება, სად არის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები?” – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა.
ლორთქიფანიძემ 26 მაისის აქციის ქრონოლოგია გაიხსენა და შალვა ობგაიძესთან დაკავშირებულ დეტალებზე ისაუბრა. როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს, შალვა ობგაიძე ერთ-ერთი იყო, ვინც აქციის შემდეგ სასტიკად აწამეს. ლორთქიფანიძის ინფორმაციით, იმ დროს აუცილებელი იყო შალვა ობგაიძის საავადმყოფოში გადაყვანა, რათა შემდგომში თავიდან აეცილებინათ ნაცემის წამება. ლორთქიფანიძე იხსენებს, რომ ობგაიძის უსაფრთხოების მიზნით, მათ ჩაიცვეს სანიტრის ფორმები და შალვა ობგაიძე გაიყვანეს საავადმყოფოდან, როგორც მიცვალებული.
„სპეცდანიშნულების რაზმმა ვერც მოასწრო რეაგირება, ისე მოვახერხეთ შალვა ობგაიძის გაყვანა საავადმყოფოდან, როგორც მიცვალებულის. საბოლოო ჯამში. ამ მეთოდმა იმუშავა. შალვა გავიყვანეთ სამშვიდობოს, მისი შვილი ჩარჩა წინასწარი მოთავსების იზოლატორში. ეს იყო ერთი პატარა მცირე ეპიზოდი იმ დღეებიდან, რაც ხალხმა გამოიარა. სადაა ადამიანის სიცოცხლის ფაქტებთან სტრასბურგში წარდგენილი საქმეების დროული ძიება, რატომ ირღვევა ადამიანის უფლებები? გასაგებია დავები და საკუთრების უფლების აღდგენის მოთხოვნა, მაგრამ როცა პრიორიტეტი ადამიანია, რატომ ჭიანურდება ამ საქმეების გამოძიება სტრასბურგის მიერ? აქვე მინდა გითხრათ, რომ იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა ბატონი შალვას ტერორის საქმეში და მასზე გამოცხადდება წითელი ცირკულარით ძებნა“, -განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები