პრემიერი: ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსმენების შესახებ კანონი იმ სახით იქნას გატანილი, როგორც მიიღო პარლამენტმა

“ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოსმენების შესახებ კანონი იმ სახით იქნას გატანილი, როგორც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პრეზიდენტის მიერ ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტზე დადებული ვეტოს შესახებ განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ხელისუფლებამ ვერ დაინახა იმის არგუმენტი, რომ ახალი სააგენტოს პირდაპირი დაქვემდებარება მომხდარიყო პრემიერზე.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კანონპროექტი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის. ის სტრუქტურები, რომლებზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში, არის ისევ და ისევ მთავრობის დაქვემდებარებაში, ამიტომ ამით განსაკუთებული თვისობრივი ცვლილება ვერ მოხდებოდა. ამიტომ ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ სახით იქნას გატანილი, როგორადაც მიიღო პირველადი სახით პარლამენტმა“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პარლამენტი ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს პლენარულ სხდომაზე დღეს განიხილავს.
პრეზიდენტის შენიშვნების მიხედვით, ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო უნდა იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება და სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისათვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.
კანონპროექტს ვეტო გიორგი მარგველაშვილმა 20 მარტს დაადო. ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტი პარლამენტში პირველი მოსმენით 23 თებერვალს მიიღეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები