ნინო ჩხობაძე: საქართველოს არც ერთ მდინარეში ბანაობა მიზანშეწონილი არ არის

“იმედი მაქვს, რომ დღეს თბილისშიც გაითიშება გარე განათება ერთი საათით, რომ აღვნიშნოთ დედამიწის საათი”, – ეს დედამიწის დღისადმი მიძღვნილ აქციასთან დაკავშირებით ორგანიზაციის – „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრები“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ განაცხადა.
დედამიწის დღეს, ნინო ჩხობაძის ინფორმაციით, მსოფლიოში უკვე რამდენიმე წელია აღინიშნება, რაც მიზნად ისახავს ბუნებრივი რესურსების დაზოგვას, კონკრეტულად კი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მოსახლეობა ერთი საათით თიშავს ელექტროენერგიას და გარე განათებებსაც.
„დედამიწის დღე მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება, ეს არის 21 მარტს, როცა საღამოს, ერთი ითიშება დენი, ამ დღეს საქართველოც აღნიშნავს და სასურველია, ერთი საათით მოსახლეობამ გათიშოს შუქი, ასევე, გაითიშოს გარე განათებები, ამით დავზოგავთ ბუნებრივ რესურსებს. ამ ერთი საათით ვცდილობთ, რაღაც შეემატოს დედამიწას“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ნინო ჩხობაძემ დაბინძურებულ მდინარეებზეც გააკეთა აქცენტი და თვლის, რომ დღეს საქართველოში ვერც ერთი მდინარე ვერ უზრუნველყოფს იმ სტანდარტს, რომლითაც შესაძლოა მდინარის წყალში ბანაობა დაშვებული იყოს.
„ხვალ მსოფლიო აღნიშნავს წყლის რესურსების დაცვის დღეს, ჩვენი მთავარი ლოზუნგია წყლის რესურსები დავიცვათ საკანალიზაციო წყლებიდან, ყველა ჩვენი წყლის რესურსი არის დაბინძურებული საყოფაცხოვრებო ნარჩენებით. ყველა ნაკადული, რომ გავწმინდოთ, იქნებ შევძლოთ მდინარეების გაწმენდა. 27 000 მდინარიდან ჩვენ არ დაგვრჩა არც ერთი, რომელიც სუფთაა. არც ერთი მდინარე არაა საქართველოში დარჩენილი, სადაც დაშვებულია ბანაობა, სტანდარტების მიხედვით“, – განაცხადა ნინო ჩხობაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები