მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (bench & bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებს შორის, გენერალურ პროკურატურაში მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (Bench & Bar) მორიგი სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირაკლი ყანდაშვილმა, მისასალმებელი სიტყვით მიმართეს.
გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ პროკურორებს, მოსამართლეებს და ადვოკატებს მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს ეფექტიანი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების გაძლიერებისთვის აღნიშნული ფორმატით თანამშრომლობა მნიშვნელოვანია.
სამუშაო შეხვედრაზე საქართველოს პროკურატურის, უზენაესი სასამართლოს და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა დისტანციური სასამართლო სხდომები და სასამართლოსთვის შუამდგომლობის დანართის ელექტრონული ფორმით მიწოდების საკითხებზე ისაუბრეს, განიხილეს აღნიშნული საკითხების ირგვლივ არსებული გამოწვევები და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. სხვადასხვა საკითხებზე გაიმართა დისკუსია და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ციფრული ტექნოლოგიები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მართლმსაჯულების ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდაში.
მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს (bench & bar) მიზანია ხელი შეუწყოს იურიდიული პროფესიის გაძლიერებას, პროფესიათა შორის ურთიერთპატივისცემას, ჯანსაღი კოლეგიალური დამოკიდებულებისა და საერთო ეთიკური პრინციპების დამკვიდრებას.