იურიდიულმა კომიტეტმა ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. მოსმენების კანონზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტის ვარიანტს მხარდაჭერა კომიტეტის მხოლოდ ორმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა გამოუცხადა, უმრავლესობის წევრებმა კი მხარდაჭერა იმ კანონპროექტთან დაკავშირებით დააფიქსირეს, რომელსაც პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
ამის მიზეზად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებზე უარგუმენტობა დაასახელა.
„ჩვენ ვერ მოვისმინეთ არგუმენტი, რომელიც პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების გაზიარებაში დაგვარწმუნებდა. ყველაფერი მიდის ნდობა-არნდობის საკითხთან. გაუგებარია და ვერ ვხედავ ლოგიკას, თუ რატომ არ შეიძლება იყოს ოპერატიულ ტექნიკური სააგენტო აღმასრულებელი ხელისუფლების რომელიმე რგოლში“, – განაცხადა იურიდიულ საკითხთან კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ.
ბესელიას თქმით, ხელისუფლება უსაფრთხოების სფეროში ექსპერიმენტების ჩატარების უფლებას თავს ვერ მისცემს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრებს პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ანა დოლიძემ გააცნო.
გიორგი მარგველაშვილს პარლამენტისთვის აქვს ორი ძირითადი შეთავაზება: პირველი ითვალისწინებს იმას, რომ ტექნიკურ-ოპერატიული სააგენტო იყოს პირდაპირ პრემიერ-მინისტრის დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, მეორე წინადადებაა ის, რომ სააგენტომ ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელება უნდა უზრუნველყოს ელექტრონული კომუნიკაციების კომპანიებისთვის სამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები