“არ ვფიქრობ, რომ ვეტერანთა შენობასთან დაკავშირებით შიხიაშვილი განაგებდა რაიმე პროცესს”
“ვეტერანთა შენობასთან დაკავშირებით მოკვლევას პროკურატურა აწარმოებს და პასუხებიც მათგან უნდა მოვისმინოთ”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა კობა კობალაძემ ვეტერანთა შენობასთან დაკავშირებით აუდიტის დასკვნის შესახებ კომენტირებისას განაცხადა. კობა კობალაძე თვლის, რომ მედიაში დასკვნასთან და შენობის ირგვლივ ატეხილ ხმაურთან დაკავშირებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, კობალაძე კონკრეტულად იმ თანხებზე საუბრობს, რაც, მისი აზრით, არასწორი ფორმულირებით მოხვდა მედიასივრცეში.
„ირაკლი შიხიაშვილის დაკითხვა მოხდება თუ არა და მე რას ვფიქრობ, ეს უნდა დავტოვოთ ჩემთან, რაც შეეხება აუდიტის დასკვნას, ეს არაა ჩემი კომპეტენცია, ის პერიოდი, როდესაც აუდიტის სამსახური მუშაობდა ამ ორგანიზაციაში, მე ვიყავი ჩართული წინასაარჩევნო პროცესში და მისი მიმდინარეობის შესახებ არაფერი ვიცი. ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ იმ საქმეში, რაც ჩვენს კომპეტენციას სცილდება. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ მილიონ 70 000 ლარია გადარიცხული ბანკში, არაა სწორი, რადგან მილიონნახევარია გადარიცხული, ჩვენ შევხვდით კომპანიას, რომელმაც შესრულებულ სამუშაოებთან დაკავშირებით დაარღვია ვადები. ამ ორგანიზაციაში მომუშავე პერსონალი გაუსაძლის მდგომარეობაში მუშაობს. ჩვენი ძირითადი მიზანი იყო, დამთავრებულიყო ვადებით გათვალისწინებული სამუშაოები და რადგან საუბრით ვერ მივედით შედეგამდე, მიეცა შესაბამისი მსვლელობა. მე არ ვფიქრობ, რომ ამ შემთხვევაში, შიხიაშვილი განაგებდა რაიმე პროცესს, რადგან ტენდერში გაიმარჯვა კომპანიამ, რომელმაც დაარღვია ვადები“, -განაცხადა კობა კობალაძემ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.