ეკა ბესელია: ჩვენ რომანტიკულ კანონებს ვერ შევქმნით

​პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნების განხილვა მიმდინარეობს. პრეზიდენტის ინიციატივებს კომიტეტის წევრებს ანა დოლიძე აცნობს. ანა დოლიძის თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ სააგენტო ნამდვილად დამოუკიდებელი უნდა იყოს სუს-ისგან.
სხდომაზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, ანა დოლიძეს რამდენიმე კითხვით მიმართა. ეკა ბესელიას აინტერესებდა, ენდობა თუ არა საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს? ან ენდობა თუ არა პრეზიდენტი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს?
“თუ გვინდა, მოვშალოთ დაცვის ყველა ზღვარი და რომანტიკული კანონები ვწეროთ. ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო ისედაც აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ არის, პრემიერი კი აღმასრულებელ ხელისუფლებას ხელმძღვანელობს და არ მესმის ამ ლოგიკის, რომ სააგენტო პრემიერს უნდა დაექვემდებაროს. რაც შეეხება კომპანიებს, ჩვენ უნდა ვიფიქროთ არა მხოლოდ რომელიმე მხარეზე, არამედ ყველაზე- მოსახლეობაზეც და ბიზნესზეც. მიღებულ კანონში სად წერია, რომ ბიზნესს პრობლემა ექმნება? ჩვენ გვაქვს ფორმულირება, რომლის თანახმადაც სახელმწიფომ აიღო ტექნიკური შესაძლებლობებით უზრუნველყოფა”, – განაცხადა ბესელიამ.
მისი თქმით, ტექნიკური და ორგანიზაციული მოწყობა უნდა იყოს იმგვარი, რომ აკმაყოფილებდეს უსაფრთხოების სტანდარტებს.
“უზრუნველვყავით სააგენტოს მაქსიმალური დამოუკიდებლობა. მივიღეთ კანონი, სადაც მაქსიმალური კონტროლი ჩავდეთ, მონაცემთა დაცვის ინსპექტორს კი მივანიჭეთ ისეთი უფლება, რომელიც თითქმის არც ერთ ქვეყანაში არ არის”, – ამბობს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.
პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ნდობის საკითხის წამოჭრას არარელევანტურად მიიჩნევს.
“ჩვენი მოტივირებული შენიშვნები ემოციურ დამოკიდებულებას არ ითვალისწინებს, იგი საკონსტიტუციო სასამართლოს ჩარჩოებს მიჰყვება. ნდობა – არ ნდობა კი სწორედ ემოციური ფაქტორია. ამიტომაც ჩვენი საუბრიდან ნდობის საკითხი უნდა გამოვრიცხოთ”,- განაცხადა ანა დოლიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები