გოგა ხაინდრავა ალეკო ელისაშვილს “სადმე ქუჩაში მასთან შეხვედრას არ ურჩევს”

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს ალეკო ელისაშვილს მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ “მისი ღირსება საერთოდ არაფერი ღირს, რადგან არ გააჩნია ღირსება და ხურდავდება”. მისი თქმით, ელისაშვილს ძალიან მკაცრი პასუხი მოეთხოვება.
“ეს არის არა ეკა ბესელიას წინააღდეგ გაკეთებული განცხადება, არამედ ეს არის ღირსების, ქართული ტრადიციების წინააღმდეგ, იმ საზოგადეობის წინააღმდეგ გაკეთებული განცხადება, სადაც ქალების მიმართ პატივისცემა კაცის ღირსებად ითვლებოდა. ეს არის ერთი ქარაფშუტა, ცრუპენტელა, ღირსებააყრილი არსების განცხადება,  რომელიც გარდა იმისა რომ, ყველაფერი ის არის რაც დავასახელე, თავხედია და ჰგონია, რომ იმ სამყაროში ცხოვრობს, სადაც ქალების შეურაცხყოფა მარტივად დასაშვებია. და ასე ნუ ჰგონია, იმიტომ რომ მოეთხოვება ძალიან მკაცრი პასუხი. პასუხი მოეთხოვება იმ ადამიანებისგან, ვინც არასოდეს უშვებდა და არც ახლა დაუშვებს ქალების შეურაცხყოფას ამ საზოგადოებაში, მით უმეტეს – ღირსეული ქალების, რომელსაც წარმოადგენს ეკა ბესელია, უღირსი კაცების მხრიდან, რომელსაც წარმოადგენს ალეკო ელისაშვილი”, – აცხადებს გოგა ხაინდრავა.
მისი თქმით, ალეკო ელისაშვილის განცხადება, რომ “ეკა ბესელიას ღირსება სასამართლომ 1000 ლარად შეაფასა” იმის დასტურია, რომ ელისაშვილს ღირსება არ გააჩნია.
“ალეკო ელისაშვილის ღირსება საერთოდ არაფერი ღირს, რადგან არ გააჩნია ღირსება და ამიტომ ხურდავდება. დახურდავებულ ადამიანებთან მე საუბარს არ ვაპირებ, ისე კი არ ვურჩევ სადმე ქუჩაში ჩემთან შეხვედრას”,- აღნიშნა ხაინდრავამ.
მისი შეფასებით, ელისაშვილი ამგვარი განცხადებებით იმ ადამიანების ინტერესებს ატარებს, ვისთვისაც ტრადიციები არაფერს ნიშნავს.
“ალეკო ელისაშვილი ფარჩაკების და უღირსი ადამიანების ინტერესებს ატარებს, იმ ადამიანების ინტერესებს ატარებს, ვისთვისაც არაფერი ტრადიციული საქართველოში ფასეული არ არის. აი, იმ ადამიანების ინტერესებს ატარებს და ემსახურება როგორც ჩანს მთელი ეს პერიოდი”, – განაცხადა ხაინდრავამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები