საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ბალტიის ქვეყნებში შეხვედრებს განაგრძობს
ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით, ბალტიის ქვეყნებში შეხვედრებს აგრძელებს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის, ნატოსთან თანამშრომლობის ქვეკომიტეტის ეგიდით, მორიგი შეხვედრები ლატვიის თავდაცვის მინისტრთან, რაიომონდ ვეიონისთან და ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან გაიმართა.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ ლატვია-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკურ-ეკონომიკური მიმართულებებით, მნიშვნელოვნად ვითარდება და ლატვია ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ინტეგრაციის გზაზე. ორმხრივი ურთიერთობების პარალელურად, შეხვედრებზე ყურადღება ჰიბრიდულ საფრთხეებზე, საგარეო უსაფრთხოების გამოწვევებზე და თავდაცვითი სისტემების რეფორმირებაზე გამახვილდა.
ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ირაკლი სესიაშვილის და ბექა ოდიშარიას მონაწილეობით, რიგაში განთავსებულ ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრსაც ეწვია.