“თურქეთის და საქართველოს პრემიერები ისაუბრებენ ყველა თემაზე, რომელსაც ამ ეტაპზე საჭიროდ ჩათვლიან”
თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ ადასტურებს, რომ დღეს ბათუმს თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ეწვევა.
როგორც ელჩმა “საზოგადოებრივთან” საუბრისას განაცხადა, თურქეთის პრემიერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სადილზე უმასპინძლებს.
„ჩვენს პრემიერ-მინისტრს აქვს თავისი პროგრამა ქალაქ ართვინში, რომელიც საქართველო-თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარეობს. ამ პროგრამის დასრულების შემდეგ, იგი სტამბოლში უნდა გაფრინდეს ბათუმიდან, ასე რომ, საზღვრიდან აეროპორტამდე მოკლე ტრანსფერი ექნება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოთქვა კეთილი სურვილი, ესარგებლა ამ შესაძლებლობით.
ეს ჩვენი პრემიერ-მინისტრისთვისაც ძალიან დიდი პატივია. პრემიერ-მინისტრები ერთმანეთს საღამოს სადილზე შეხვდებიან.
ყველა საინტერესო საკითხს შეეხებიან, თუმცა, როგორც გითხარით, ეს არ არის რაიმე ოფიციალური ან წინასწარ დაგეგმილი ვიზიტი და მხოლოდ შესაძლებლობის გამოყენებაა. ამიტომ, არ არსებობს რაიმე დღის წესრიგი ან საკითხთა ოფიციალური ჩამონათვალი. ისინი ისაუბრებენ ყველა თემაზე, რომელსაც ამ ეტაპზე საჭიროდ ჩათვლიან“, – განაცხადა თურქეთის ელჩმა საქართველოში.
საქართველოს პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი დღეს ბათუმში რაგბის სტადიონის გასახსნელად ჩადის.