„ფარულ მოსმენებზე“ დაწყებული დისკუსია ადასტურებს, რომ პრეზიდენტს პოლიტიკური მიზანი აქვს”
უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი მიიჩნევს, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ე.წ. ფარული მოსმენების კანონთან დაკავშირებით დისკუსიის დაწყება ადასტურებს იმას, რომ გიორგი მარგველაშვილს პოლიტიკური მიზნები აქვს. როგორც ხორგუანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განაცხადა, „ფარულ მოსმენებთან“ დაკავშირებით, დისკუსია უკვე წლებია, რაც მიმდინარეობს.
“მოსმენების კანონთან დაკავშირებით, რამდენიმე წელია ვსაუბრობთ, საკონსტიტუციო სასამართლომ პრაქტიკულად დავალება მისცა ხელისუფლებას, რომ შეიმუშაოს ახალი კანონპროექტი. მუშაობა მიდიოდა, კანონი მიღებულია.
რას ნიშნავს პრეზიდენტმა დისკუსია გახსნა, კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლის თაობაზეც დისკუსია უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს? მაგალითად, კამპანია „ეს შენ გეხება“… ესეც ადასტურებს იმას, რომ გიორგი მარგველაშვილს აქვს პოლიტიკური მიზნები და ცდილობს, იმ კამპანიის სათავეში მოექცეს, რომელიც არასამთავრობოებს აქვთ აგორებული და სათავისოდ გამოიყენოს მისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე“, -განაცხადა სოფიო ხორგუანმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას პარლამენტმა ფარულ მოსმენა-მიყურადებასთან დაკავშირებული პაკეტი ხელმოსაწერად 6 მარტს გადაუგზავნა. გიორგი მარგველაშვილს გადაწყვეტილების მისაღებად 10-დღიანი ვადა აქვს, რომელიც ხვალ იწურება.