ბაზარზე ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ გამოჩნდა (ფოტო,ვიდეო)

დღეიდან ბაზარზე, ასეპტიკური ტექნოლოგიით დამუშავებული, პირველი ქართული ნატურალური წვენი „ჩერო“ გამოჩნდა. პროექტი, რომლის საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით 25 მილიონი ლარია „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში ს.ს ქართული ლუდის კომპანიამ განახორციელა. პრეზენტაცია დღეს, სოფელ საგურამოში, ს.ს „ქართული ლუდის კომპანიის“ საწარმოში გაიმართა, რომელსაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.
სტუმრებს ახალი პროდუქტი ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორმა, კახაბერ კოტრიკაძემ და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელმა გააცნეს.
„ქართული ლუდის კომპანიის“ ინფორმაციით, ასეპტიკური ხაზები უპრეცედენტოა რეგიონისათვის. ნატურალური წვენის ინოვაციური წარმოება ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც უმაღლესი ხარისხის კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქციის წარმოების საშუალებას იძლევა. მიუხედავად იმისა, რომ ქარხანას 3-ჯერ მეტის წარმოების საშუალება აქვს, პირველ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში, მხოლოდ 10 მლნ ლიტრის წარმოება განხორციელდება. პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი ბაზრისთვის, ასევე საექსპორტოდ.
კომპანიის უახლოესი ამოცანაა, პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ–ს სივრცეში გაიტანოს. ახალ საექსპორტო ბაზრებზე დამკვიდრებას კომპანია საერთაშორისო სავაჭრო ქსელებთან თანამშრომლობით გეგმავს. ახალი საწარმოო ხაზები, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში საბიუჯეტო შენატანების კიდევ ერთი პლატფორმაა – კომპანია ბიუჯეტში დამატებით 5 მილიონ ლარით მეტს გადაიხდის.
“ასეპტიკური ტექნოლოგია ითვალისწინებს პროდუქტის დაბალი ტემპერატურული რეჟიმით დამუშავებას, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევინარჩუნოთ ხილის გემო, სტრუქტურა და სასარგებლო თვისებები“,-განაცხადა ს.ს. „ქართული ლუდის კომპანიის“ დირექტორმა კახაბერ კოტრიკაძემ.
მისივე თქმით, კომპანია მაქსიმალურად ეცდება წარმოებაში გაზარდოს ადგილობრივი ნედლეულის მოხმარება.
„იქიდან გამომდინარე რომ რეგიონში ფიზიკურად არ არსებობს ასეპტიკური ხაზი, მოთხოვნა დღეისთვის უკვე არსებობს 7 ქვეყნიდან. ამაყები ვართ რომ, ჩვენ ეს შევძელით და დღეს საშუალება გვაქვს უნიკალური ქართული პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ასეპტიკური ხაზების და ახალი პროდუქციის წარმოება პირდაპირ კავშირშია დამატებით სამუშაო ადგილების შექმნასთან, ჩვენს შემთხვევაში „ზედაზენში“ დამატებით 100-მდე სამუშაო ადგილი და ეკონომიკური აქტივობის კერა შეიქმნა. განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო მთავრობის ეკონომიკური გუნდის თანადგომა და ბიზნესორიენტირებულობა, რაც დამატებითი სტიმულია ბიზნესისთვის და ინვესტორებისთვის”, – განაცხადა კახაბერ კოტრიკაძემ.
მისი ინფორმაციით, ბიზნეს ჯგუფს, რომელსაც ცეზარ ჩოჩელი ხელმძღვანელობს, ქვეყანაში არაერთი წარმატებული პროექტი აქვს განხორციელებული. ჯგუფის მიერ, ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტში შეტანილი თანხა 170 მილიონ ლარს აჭარბებს. ჯგუფს დასაქმებული ჰყავს ოთხი ათასამდე ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები