გიორგი მარგველაშვილი ფრაქცია ,,ნაციონალურ მოძრაობის” წევრებს შეხვდა

გიორგი მარგველაშვილმა ე.წ ფარული მოსმენების კანონზე პოლიტიკური კონსულტაციები ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობასთან” გამართა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პრეზიდენტმა კანონზე ფრაქციის წევრების მოსაზრებები მოისმინა და საკუთარი ხედვა გააცნო.„ჩვენ ვსაუბრობთ კანონში არსებულ ორი ტიპის პრობლემაზე: პირველი – რამდენად იქნება შესაბამისი ახალშექმნილი სააგენტო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და რამდენად დამოუკიდებელი იქნება ის და მეორე – ამ კანონმა შესაძლოა, გაუმართლებელი ტვირთი დააკისროს ბიზნესს, რადგან ბევრგან კანონში მითითებულია, რომ სააგენტო იყენებს ბიზნესის და ამ შემთხვევაში, საკომუნიკაციო კომპანიების რესურსებს სასყიდლის გარეშე”, – განაცხადა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, ანა დოლიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
დღესვე საქართველოს პრეზიდენტი ფრაქცია ,,ევროპულ საქართველოს” შეხვდა, ხვალ კი გიორგი მარგველაშვილი „პატრიოტთა ალიანსის” ლიდერებთან გამართავს შეხვედრას.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონსულტაციებზე ყველა საპარლამენტო ფრაქცია მიიწვია, თუმცა პრეზიდენტის შეთავაზებას ამ ეტაპამდე მმართველი პარტია არ გამოხმაურებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები