ნუკრი ქანთარია: ბათუმის აქციის კადრები, რომ მივაბათ უკრაინული მაიდნის კადრებს, განსხვავებას ვერავინ შეამჩნევს

“ბათუმის აქციის კადრები, რომ მივაბათ უკრაინული მაიდნის კადრებს, განსხვავებას ვერავინ შეამჩნევს”,-ამის შესახებ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განაცხადა. თემაზე საუბრისას, დეპუტატმა 2016 წლის სექტემბერში „თავისუფალი ზონიდან“ წამოსული ახალგაზრდების მიერ გახმაურებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილი სცენარი გაიხსენა.
ქანთარია ბათუმში მომხდარი მოვლენების სწრაფ გამოძიებას, დამნაშავეთა და აქციის ორგანიზატორთა ადეკვატურ დასჯას მოითხოვს. მისივე შეფასებით, ქართული საპროტესტო აქციების ისტორიას ასეთი სახის აგრესია არ ახსოვს.
„გახსოვთ, ალბათ, 2016 წლის დასაწყისში „ თავისუფალი ზონიდან“ წამოსული ახალგაზრდები ყვებოდნენ, რომ მათ დაავალეს ამდაგვარი აქციების მოწყობა, მანქანების დაწვა, მოლოტოვის კოქტეილები, ჯაჭვები, ქვები. ზუსტად ეს სცენარი იყო ბათუმში, რაც ჩვენ ვიხილეთ. ასევე, ვიხილეთ, ჩვენ სოლიდარობა „ნაციონალური მოძრაობის“, რომლებიც მოვლენების შემდგომ განვითარებას ელოდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ლოგიკური ჯაჭვი იკვრება და ფაქტი ერთია – ის ხალხი, ვინც ასეთ ვანდალურ ქმედებებს სჩადიოდა, იყვნენ სათანადოდ მომზადებულები და ელოდებოდნენ შესაბამის დროს. ეტყობოდათ კიდეც, რომ დიდხანს ელოდებოდნენ აი, ამ ყველაფერს და სწორედ ამ ღამეს მოუწიათ სცენაზე დგომა. ბუნებრივია, ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც ასეთი ტიპის აქცია მიდის, უმკლავდებიან დარბევით. ფაქტობრივად, მათი ქმედებები იყო მოპატიჟება სპეცრაზმის. როდესაც სპეცრაზმი გამოვიდოდა, სულ რაღაც ნახევარ საათში მოიმთავრებდა მის საქმეს და სურათი იქნებოდა 26 მაისის. მერე კი წავიდოდა უკრაინის სცენარი და ლოზუნგების ცვლა.
ის, რომ ეს ახალგაზრდები იყვნენ ორგანიზებულები, წყალი არ გაუვა. ფაქტია, რომ ისინი იყვნენ მართულები, რადგან მათ გაუჩნდათ უცბად სათანადო აღჭურვილობა, ტომრებით ქვები, ტექნიკა, მოლოტოვის კოქტეილები. აუცილებელია, რომ გამოძიება მივიდეს ბოლომდე და ადეკვატური სასჯელი ჰქონდეს სუყველას. გამოძიება უნდა მივიდეს ორგანიზატორებამდე. თუ ეს ადამიანები არ დაისაჯნენ, ნებისმიერ გულსიწყრომაზე შეიძლება იგივე განმეორდეს. ზარალი, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ჩვენი სამართალდამცველები დაემსგავსებოდნენ წინა სადამსჯელო მოქმედებების დროს ჩამდენებს“,- განაცხადა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში ნუკრი ქანთარიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები