არჩილ გამზარდია დეკანოზ მამალაძის ადვოკატების გამოქვეყნებულ სტენოგრამაზე – „რამე უფრო ნიჭიერად ვერ მოიფიქრეთ?“

ე.წ. ციანიდის საქმეზე დაკავებული დეკანოზის ადვოკატების მიერ გავრცელებულ სტენოგრამას, რომლის თანახამადაც მამა გიორგი მამალაძე სატელეფონო საუბრისას, გამზარდიას მიერ 8 თებერვალს გამოქვეყნებულ პოსტს განიხილავს, კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია სპეციალური წერილით ეხმაურება.
გამზარდია ადვოკატების მონათხრობს „უნიჭოდ შეთხზულ ამბავს“ უწოდებს.
გამზარდიას შეფასებით, დეკანოზის ადვოკატები ვერ ახერხებენ დაცვის ობიექტის უდანაშაულობის დამტკიცებას, ამიტომ საზოგადოების დეზორიენტაციაზე მუშაობენ.
გამზარდია ადვოკატებს ვრცელი კითხვებით მიმართავს და დეკანოზის ინტერესების დამცველებს პასუხების საჯაროდ გაცემისკენ მოუწოდებს.
“გამოიყვანეთ დეკანოზ მამალაძის ადვოკატები, მაგრად უნდა დავცინო. დღის გეგმა როგორც კი შევასრულე, მერე კი გადავავლე იმ „ჩანაწერს“ თვალი, გემრიელად ვიცინე კიდეც. თქვე კაი ხალხო, ეგრე უნიჭოდ შეთხზული ამბის ღირსი ვარ მე? რამე უფრო ნიჭიერად ვერ მოიფიქრეთ მამა მამალაძემ, ფანცულაიამ და რამიშვილმა?
აქ მხოლოდ ორი ვერსია შეიძლება არსებობდეს – პირველი, რომ ჩანაწერი ახლაა შექმნილი, იციან ადვოკატებმა, რომ დეკანოზის უდანაშაულობას ვერ დაამტკიცებენ, პირიქით, შეიძლება, ბრალი კიდევ უფრო დაუმძიმდეს (ჩემი აზრით) და ამიტომ საინფორმაციო ომს მიმართავენ. ჰოდა, ახლა ცდილობენ, მე მომადგნენ, რადგან საჯაროობა ამ თემისა ჩემგან წამოვიდა, ჰოდა პრიმატული გათვლაა, რომ ჩემი დისკრედიტაციით, ჩემს სიტყვას ფასი დაუგდონ. მეორე ვარიანტი კი ისაა, რომ როგორც კი მე მოსაზრება გავავრცელე, ეგრევე „ალიბჩანაწერი” შექმნეს, ისე, ყოველი შემთხვევისთვის.
ჩნდება შეკითხვა, რატომ არ გამოაჩინეს ეს აქამდე? – იმიტომ, რომ ამ „ჩანაწერის“ მთელი ეს ტყუილი და ფანტასმაგორია ვერშემდგარი ბესტსელერისა, მხოლოდ ყველაზე უარეს მდგომარეობაში გამოეყენებინათ, ჰოდა, დადგა ეს დროც და „გამოიყენეს“…
ძვირფასო ადვოკატებო, ერთი რომ პათეტიკურად კითხულობდით ამ „საუბარს“ მამა გიორგისა და ვიღაც უცხო ადამიანს შორის, მეორე კი გარბოდა მედიაში, ერთ-ერთ რეიტინგულ გამოცემაში დასაბეჭდად, აბა, ახლა დაეწყვეთ და მწყობრად მიპასუხეთ ამ კითხვებზე და გარემოებებზე:
1. მამა გიორგის ჩემი წერილი აღმოუჩენია apsni.ge-ზე, მის ადგილას. ეგ წერილი, დავაზუსტოთ, მოსაზრება – ჩვენმა რამდენიმე საიტმა გაავრცელა და რაღა apsni-ში ეძებდა მამაო? თუ არსებობს სხვა ფაქტორებიც?

2. თუ ხელი არ გეშლებოდათ ჩემი წერილით რამეში, რატომ მიიქცია ასე თქვენი ყურადღება? წლებია, ათას თემაზე ვდებ პოსტს, ეს ხომ სტატუსი იყო, მედიისათვის მიცემული ინტერვიუც კი არა, თქვენ კი ამ თემაზე ორჯერ მიზანმიმართულად ისაუბრეთ, თითქოსდა ტელეფონში ვიღაც უცხო მამაკაცთან? რატომ? ხელი ხომ არ შეგიშალეთ? ამ დროს არც თქვენ, არც სხვამ და არც მე, არც ვიცოდით, რომ მიყურადება ხორციელდებოდა თურმე თქვენზე, ამიტომ ერთადერთი ადამიანი, ვინც პატრიარქის სიცოცხლის შესაძლო ლიკვიდაციაზე ალაპარაკდა, 8 თებერვლის მონაცემით, საჯაროდ, მე ვიყავი? ამით ხელი ხომ არ შეეშალა თქვენს რაიმე ზრახვას?
3. თუ დაკავებული პირი თემით არაა დაინტერესებული, ამდენი სასულიერო პირის ფონზე, რატომ გამოხატავს პოზიციებს ერთ დღეში ორჯერ ჩემს წერილზე? ფაქტია, რომ მისი დღის შფოთია ეს წერილი.
4.თუ მივყვებით დანარჩენ ნაწილს ამ „საუბრის“, იქ მამა გიორგის აღნიშნული აქვს, რომ დაცვამ უნდა დაუძახოს გამზარდიასო. დაცვას რა გადაკვეთა შეიძლება ჰქონოდა ჩემთან? რატომ ერიდება მამა გიორგი პროკურატურის ხსენებას, რაც ყველაზე ლოგიკური იყო? ან რატომ მიმართავს დაცვას, როგორც მხარეს? რატომ მოიაზრებს თავის მხარედ დაცვის სამსახურს? თუ რისკებს რამდენადმე ანგარიშგასაწევად აფასებს ან თუნდაც პროვოკაციად, რატომ არ მიმართავს ის პროკურატურას და შემოიფარგლება იმით, რომ დაცვის სამსახურის ბიჭებმა უნდა მოახდინონ თურმე ჩემს მიმართ რეაგირება?
შეგახსენებთ, რომ იმ მომენტისათვის, დეკანოზი მამალაძე მხოლოდ კლინიკის დირექტორი და ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე იყო.
5.ხომ არ იგულისხმება ამ „დიალოგში“, რომ მამა გიორგი ცდილობს, დაცვის სამსახურს გადაუმისამართოს ჩემი ვინაობა, მათ შორის, ჩემი ლიკვიდაციის ან თავდასხმის მიზნით? სამართლებრივად, ხომ პატრიარქის დაცვის სამსახურს არანაირად არ ევალება და არც დისკრეცია აქვს, რეაგირება მოახდინოს ჩემს განცხადება-მოსაზრებაზე.

6. მამა გიორგი ახსენებს, რომ ვაითუ პატრიარქმა წაიკითხოსო, ოპერაციას არ გაიკეთებს და ტკივილით მოკვდებაო! რატომ აქვს დეკანოზს აქცენტები პატრიარქის სიკვდილზე? იქნებ, იმედი აქვს, რომ ვინმე წააკითხებს პატრიარქს ტექსტს და „შეშინებული“ პატრიარქი უარს იტყვის ოპერაციაზე, რის შემდეგაც ის შესაძლოა, ტკივილით მოკვდეს? რა მოტივაციით აკეთებს მსგავს აქცენტებს?
7. ერთ დღეში ორჯერ ჩემს სტატუსზე და გავრცელებულ მოსაზრებაზე საუბრის მიძღვნა და სატელეფონო ზარების მოტივაცია რამეზე ხომ არ მიგანიშნებთ? რამე გეგმა ხომ არ აგერიათ ამით? მით უმეტეს, რომ ჩემს წერილს თავშივე ეწერა პრევენციის მიზნით ვწერ-მეთქი.
8. მამა გიორგი და უცნობი ადამიანი, გადატრიალებაზე საუბრობენ, ჰოდა, საიდან მოდის ეგ მოტივაციები, ხომ ვერ მეტყვით?
აღნიშნული კითხვები პასუხებს საჭიროებს და თუ გინდათ, დებატებზე გამეცით პასუხი, ბატონო ადვოკატებო, თუ გინდათ, მე ნუ გამცემთ პასუხს და თავადვე მიეცით ჩვენება პროკურატურას.
ფაქტია ერთი რამ: დაკავებული დეკანოზის ადვოკატები, ჩანს, ვერ ახერხებენ, დაცვის ობიექტისათვის უდანაშაულობის დამტკიცებას, ამიტომ საზოგადოების დეზორიენტაციაზე მუშაობენ, რომ იქნებ, ამით შექმნან გარკვეული აყალმაყალი, რითაც შესაბამისი მხარის უკან მდგომი პირების ინტერესებს მოემსახურებიან.
ბოლო პერიოდში, მიტროპოლიტი პეტრეს ეპარქიიდან არაერთხელ მოხდა ჩემზე სიტყვიერი თავდასხმა მისი მამებისა და დედების მიერ, სოციალურ ქსელში, ამას ემატება აღნიშნული „დიალოგი“ „ჩანაწერისა“’, – წერს გამზარდია.
კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არ გამორიცხავს, რომ მიტროპოლიტი პეტრე და მიტროპოლიტი დიმიტრი დაინტერესებულნი იყვნენ მისი ლიკვიდაციითაც, რისი მოტივაციაც, გამზარდიას თქმით, მისი საზოგადოებრივი აქტიურობაა და პატრიარქის დაცვისკენ მიმართული ნაბიჯებია.
„ვფიქრობ, რომ გამორიცხული არაა, მიტროპოლიტი პეტრე და მიტროპოლიტი დიმიტრი დაინტერესებული იყვნენ ჩემი ლიკვიდაციითაც, რისი მოტივაციაც ჩემი საზოგადოებრივი აქტიურობაა და პატრიარქის დაცვისკენ მიმართული ნაბიჯები, ასევე პოზიციები, რომ პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმის კვალიფიკაცია დააზუსტოს „პატრიარქის ლიკვიდაციის მზადების“ კვალიფიკაციით და ამ კონტექსტში განიხილონ აღნიშნული მიტროპოლიტების შესაძლო ინტერესები, ასევე, სხვა ეპისკოპოსებისა თუ მათთან დაკავშირებული პირებისა.
სახეზეა მოტივირებული მხარე, რომელიც საზოგადოების დეზინფორმირებასა და დეზორიენტირებას ცდილობს, პარალელურად კი, იზრდება საშიშროება ამ ჯგუფის მხრიდან სხვადასხვა მხარეზე, მათ შორის ჩემ მიმართ. რა დონეზეა საქმე და რამდენად ცხადია პროკურატურის უახლოესი ნაბიჯები აღნიშნული მხარეებისათვის, ეს თავად პროკურატურამ შეაფასოს და გაითვალისწინოს, მათ შორის ისიც, რამდენად რეალისტურია ჩემი ფიზიკური ანგარიშსწორების ან ლიკვიდაციის შესაძლებლობა“, – წერს გამზარდია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები