ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდნენ

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის პოლიტიკასა და მოსკოვის მიერ დასავლეთისა და ნატო-ს წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე იმსჯელეს. (“Undermining Democratic Institutions and Splintering NATO: Russian Disinformation Aims”).
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსმენაზე კონგრესმენებმა რუსეთის საგარეო პოლიტიკა დაგმეს და საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდნენ.
კონგრესმენმა ტედ პომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რათა მსოფლიოს თავს მოახვიოს ახალი წესრიგი, რაზეც საერთაშორისო თანამეგობრობა არასათანადოდ რეაგირებს.
„2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მისი ტერიტორიის 1/3-ის ოკუპირება მოახდინა და დასავლეთმა ამაზე განცხადა, რომ ეს არ არის კარგი და არაფერი გააკეთა. რუსეთი კვლავ აკონტროლებს და ოკუპირებული აქვს საქართველოს 1/3, ეს ქვეყანა კი აშშ-ს მოკავშირეა (still control and occupy 1/3 of the Republic of Georgia, supposedly an ally of U.S). რუსეთმა შემდგომ ყირიმი დაიპყრო, რაზეც დასავლეთმა კვლავ განაცხადა, რომ ეს არ არის კარგი და რუსეთს ეს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არავითარი შედეგი. ახლა რუსეთი ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინის მითვისებას. მე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოვადგენ აშშ-ს, ჩვენ მოვუწოდეთ საპარლამენტო ასამბლეას, რომ რუსეთის მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე, სანქციები დააწესონ, თუმცა ეს არ მომხდარა. რაღატომ გვიკვირს, რომ მოსკოვი იმავეს სჩადის”, – განაცხადა ტედ პომ.
საქართველოს ოკუპაციის შესახებ კონგრესმენმა ჯეფ დუნკანმაც ისაუბრა. საკუთარ გამოსვლაში მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთ-ირანის ურთიერთობასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე: „როდესაც ვნახეთ, რომ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ყირიმის ანექსია მოახდინა, შეიჭრა უკრაინაში, ირანს სარაკეტო სისტემები მიჰყიდა და ა.შ. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ რუსები დღეს წარსული პოლიტიკიდან და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციიდან გამომდინარე გათამამდნენ”, – აღნიშნა დუნკანმა.
კონგრესმენმა რონ დესანტისმა რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის გამო ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ობამას ადმინისტრაციის პასუხი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკა იყო. დესანტისი მიიჩნევს, რომ ამ წლების განმავლობაში რუსეთის ქმედებები სათანადოდ არ იქნა შეფასებული.
კონგრესმენ ილეანა როს-ლეტინენის შეფასებით, პუტინის რეჟიმი აფართოებს საკუთარი გავლენის სფეროებს მსოფლიოში და აბუჩად იგდებს კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. კონგრესმენის განცხადებით, რუსეთის სამხედრო კამპანიის გათვალისწინებით საქართველოსა და უკრაინაში ახალი არაფერია, ისევე როგორც რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გათვალისწინებით. „ბევრი ჩვენგანი დიდი ხანია ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას. ჩვენ ვაკრიტიკებდით ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკას, ისევე როგორც ბუშის ადმინისტრაციის მიერ ბირთვულ საკითხებში შეთანხმების გაფორმებას რუსეთთან. საქართველოში რუსეთის ქმედებების შემდეგ, ჩვენ ვაფრთხილებდით უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი, ასევე უხეში ჩარევის შესახებ, ისევე როგორც რუსეთის მხრიდან ბალტიის ქვეყნებზე, მოლდოვასა და ყაზახეთზე დამატებითი წნეხის თაობაზე”, – განაცხადა კონგრესმენმა ილეანა როს-ლეტინენმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების წინადადებით გამოდის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები