მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის საკონსტიტუციო კამპანიას არალოგიკურს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის კამპანიას „კონსტიტუცია ყველასია“, რომელიც დღეს თელავიდან იწყება, ეხმაურება და მიიჩნევს, რომ კამპანიას არც იურიდიული, არც სამართლებრივი და არც პოლიტიკური ლოგიკა არ აქვს.
”რბილად რომ ვთქვათ, ეს არის პარალელური პროცესი, რომელსაც არ გააჩნია არც იურიდიული, არც სამართლებრივი, არც პოლიტიკური ლოგიკა. გამომდინარე იქიდან, რომ რეალურად, მიმდინარეობს საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა, სადაც გარკვეულ შედეგებამდე ვართ უკვე მისული. მათ აქვთ საშუალება, ჩაერთონ კომისიის მუშაობაში, მათი სამი ადგილი ამ კომისიაში არის. მოვუწოდებ, ვთხოვ კიდეც, რომ ჩაერთონ ამ პროცესში და რეალურად მიიღონ მონაწილეობა კონსტიტუციის გადასინჯვაში, რათა ერთად მივიდეთ ხელშესახებ ცვლილებებამდე. უკვე ღიმილის მომგვრელია მათი რიტორიკა, გამომდინარე იქიდან, რომ სახალხო განხილვას აქვს თავისი დრო, ეს არის კანონით გაწერილი. მეორე, მართლა საინტერესოა, რას განიხილავენ რეგიონებში. საერთო-სახალხო განხილვების დროს განიხილავენ ცვლილებების პროექტებს. ახლა პროექტი მათ არ აქვთ, შესაბამისად, არ მინდა სიტუაცია გავამწვავო, მაგრამ შეიძლება, სასაცილო სიტუაციამდე მივიდნენ თავიანთი განცხადებებით”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
საქართველოს პრეზიდენტი კამპანიას “კონსტიტუცია ყველასია” დღეს თელავიდან დაიწყებს. როგორც „კვირას“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, გიორგი მარგველაშვილი, ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან ერთად, კამპანიის ფარგლებში, შეხვედრებს გამართავს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. ქვეყნის პირველი პირი კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, სტუდენტების და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების მოსაზრებებს მოისმენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები