სოფიო ქაცარავამ ლიტვის სეიმში გამართულ საერთაშორისო საპარლამენტო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ მონაწილეობა მიიღო ლიტვის სეიმში გამართულ საერთაშორისო საპარლამენტო შეხვედრაში, რომელიც ევროპა-ამერიკის ტრანსატლანტიკური სოლიდარობის განმტკიცებას ეძღვნებოდა.
სოფიო ქაცარავა სესიაზე მოხსენებით წარსდგა თემაზე – „დემოკრატიის განვითარება ევროპა-ამერიკის მჭიდრო თანამშრომლობის გზით ტრანსატლანტიკური სივრცის გაფართოებისთვის”.
ლიტვის სეიმში სპიკერთან გამართულ შეხვედრას, სოფიო ქაცარავასთან ერთად, უკრაინის, ლატვიის, მოლდავეთის, ლიტვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეები და პოლონეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის მოადგილე ესწრებოდნენ.
საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ორმხრივი შეხვედრები გამართა ლიტვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, ეუთოს დელეგაციის ხელმძღვანელთან და სხვა მონაწილე ქვეყნების დელეგაციების წარმომადგენლებთან.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს პარტნიორსა და მეგობარ ლიტვას, საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის. სეიმის სპიკერთან შეხვედრაზე, განვიხილეთ ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე, როგორც უშუალო თანამშრომლობით, ასევე, საპარლამენტო ასამბლეების დონეზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პარტნიორი ქვეყნების მიერ საქართველოს ევროატლანტიკური სტრუქტურებისკენ სწრაფვისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა. ჩვენი პარტნიორები ერთხმად მხარს უჭერენ საქართველოში გატარებულ დემოკრატიულ რეფორმებს და ჩვენი ქვეყნის, როგორც რეგიონში ლიდერის როლს”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
მისივე თქმით, მხარეებმა, თბილისში მომდევნო კვირაში დაგეგმილი ნორდიკულ – ბალტიკური რვიანის (NB8) ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების ვიზიტის შესახებ ისაუბრეს, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
„დავსახეთ თანამშრომლობის კონკრეტული გეგმა. ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის კავშირების კიდევ უფრო განმტკიცებისა დ გამყარების შესახებ, როგორც დიპლომატიურ, ასევე კულტურულ, სოციალურ და ხალხთა შორის ურთიერთობათა სფეროში”, – განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები