„40 ადამიანიდან ადმინისტრაციული წესით დაკავებულია 7 პირი, დანარჩენები ხელწერილით გათავისუფლდნენ“

მოწოდების მიუხედავად, მომიტინგეები არ წყვეტდნენ შტურმს პოლიციის შენობაზე და ჩვენ დილის 5 საათისკენ იძულებული გავხდით გადავსულიყავით ღონისძიებაზე, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში ჩართვისას განაცხადა.
როგორც მღებრიშვილმა აღნიშნა, გუშინდელ აქციაზე ძირითადად ადამიანები ცნობისმოყვარეობის გამო იყვნენ გამოსულები, ხოლო ვინც აპროტესტებდა, მათი რაოდენობა 100-150 პირი იყო.
„თქვენ იცით, რომ მომიტინგეებს პრემიერ-მინისტრმაც მიმართა. რაღა თქმა უნდა, ჩვენც მივმართეთ, რომ დაშლილიყვნენ. ჩვენ მაქსიმალური შეღავათები გავაკეთეთ იმისთვის, რომ მოვლენები ასე არ განვითარებულიყო. მე დამიკავშირდა აჭარის მთავრობის ხელმძღვანელი და მთხოვა დაკავებული პირების გათავისუფლება და მე ეს თხოვნა შევასრულე და ექვსივე დაკავებული გავანთავისუფლე.
მიუხედავად ამისა მომიტინგეები არ წყვეტდნენ შტურმს პოლიციის შენობაზე და ჩვენ დილის 5 საათისკენ იძულებული გავხდით გადავსულიყავით ღონისძიებაზე.
მანამდე დაახლოებით 600 ადამიანამდე იყო შეკრებილი პოლიციის წინ. ჩვენ ოპერატიული ინფორმაცია გაგვაჩნდა, რომ იქ ძირითადად იმყოფებოდნენ ცნობისმოყვარე ადამიანები და ცნობისმოყვარეობამ მოიყვანა ბათუმელები პოლიციის შენობის მიმდებარედ. ხოლო ის, ვინც აპროტესტებდა, დაახლოებით 100-150 ადამიანი იყო”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
შს მინისტრის თქმით, ბათუმში მომხდარი მოვლენების დროს სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებაზე ზედმეტია საუბარი. მისივე განცხადებით, საუბარი უნდა იყოს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხზე, ვინც ეს ყველაფერი მოაწყო.
”სამართალდამცველების პასუხისმგებლობის საკითხზე ზედმეტია საუბარი, ჩვენ იმ ადამიანების პასუხისმგებლობაზე უნდა ვისაუბროთ, ვინც ეს ყველაფერი მოაწყო – ორგანიზატორები, მონაწილეები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ დარბევაში და ვანდალიზმში. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უმკაცრესად დაისჯება ყველა ის ადამიანი, ვინც ამაში მონაწილეობას იღებდა. მიმდინარეობს ამ პირების იდენტიფიცირება. თქვენ იცით, რომ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და დაწყებულია გამოძიება. ჯერჯერობით ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული 7 პიროვნება, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა. დაკავებული 40 ადამიანიდან დანარჩენები გათავისუფლებული არიან ხელწერილით, მაგრამ მათ მიმართ ადმინისტრაციული წარმოება მაინც გრძელდება და ისინი სასამართლოს წინაშე აუცილებლად წარდგებიან. ჩვენ გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ”, – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები