პარლამენტმა მართვის მოწმობის 100 ქულიან სისტემას მხარი დაუჭირა – რას ითვალისწინებს კანონპროექტი 

​საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „საგზაო მოძრაობის შესახებ” კანონპროექტთა პაკეტს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” და მისითანმდევი კანონპროექტების წარდგენამდე, იმ მიზეზებზე ისაუბრა, რამაც აღნიშნული პროექტის ინიცირება განაპირობა. მან საგზაო მოძრაობის კუთხითარსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები წარადგინა, რომლიც მიხედვით, ბოლო 10 წლის განმავლობაში მდგომარეობა მკვეთრად არის შეცვლილი.

„ინოვაციური მეთოდოლოგიების და მექანიზმების შემოღებით, რომელიც გავლენას მოახდენს მძღოლების ქცევაზე, გვინდა გავაუმჯობესოთ ვითარება ამ კუთხით. მთავრობამ დაამტკიცა სტრატეგია, რომელიც ამ სფეროში სახელმწიფოს პოლიტიკას განსაზღვრავს. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომელიც უკვე მსჯელობს საგზაო მოძრაობის სხვა ისეთ შემადგენელ კომპონენტებზე როგორიცაა ინფრასტრუქტურა, ავტოპარკი, განათლება და ა.შ”, – განმარტა ხუციშვილმა.

საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, რომლის ინიციატორიც საქართველოს მთავრობაა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებაში პრევენციული კომპონენტის გაძლიერების მიზნით, მართვის მოწმობაზე 100 ქულიანი სისტემის დაკავშირება შემოდის. კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში თითოეული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მართვის მოწმობაზე მინიჭებული 100 ქულიდან სამართალდარღვევის ტოლფასი ქულის გამოკლებას გამოიწვევს. კალენდარული წლის განმავლობაში სამართალდარღვევების გამო ქულების 0-მდე შემცირება მართვის უფლების შეჩერებას გამოიწვევს და ამ უფლების მისაღებად პირი იძულებული იქნება გამოცდა ხელახლა ჩააბაროს უფლების შეწყვეტიდან არა უადრეს 2 თვისა.

როგორც საკითხის თაობაზე მომხსენებელმა, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, აღნიშნა, ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე არ გავრცელდება მართვის მოწმობისათვის მინიჭებული ქულათა შემცირების წესი.

შალვა ხუციშვილის განმარტებით, აღნიშნული ქულათა სისტემა როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე, ევროკავშირის 20-ზე მეტ ქვეყანაშია დანერგილი. მომხსენებლის განმარტებითვე, მძღოლი მოკლე ტექსტურ შეტყობინების სახით მიიღებს ინფორმაციას იმ შემთხვევაში, თუ მისი ქულების რაოდენობა 20-მდე ჩამოვა. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეპუტატების მხრიდან გამოითქვა აზრთა სხვადასხვაობა. ისინი მიიჩნევენ, რომ სასურველია, ადამიანმა შეტყობინება თითოეულ ჯარიმასთან დაკავშირებით ან 50 ქულამდე დასვლის შემდეგ მაინც მიიღოს.

ასევე, გამოითქვა შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ მართვის მოწმობის 1 წლით შეჩერება შემცირდეს 6 თვემდე. დეპუტატები დაინტერესდნენ რა საინფორმაციო ღონისძიებების გატარებას გეგმავს ხელისუფლება იმასთან დაკავშირებით, რომ მძღოლებმა ზუსტად იცოდნენ რომელი დარღვევისთვის რამდენი ქულით დაჯარიმდება, ასევე, გამოითქვა მოსაზრება, რომ ახალი რეგულაციების ამოქმედებისთვის დაწესდეს გარდამავალი პერიოდი.

შალვა ხუციშვილის თქმით, მართვის მოწმობის შეჩერების ვადებთან და ჯარიმების ოდენობებთან დაკავშირებით შესაძლებელი იქნება პროექტის მეორე მოსმენით განხილვის დროს იმსჯელონ. მინისტრის მოადგილემ, დეპუტატების საპასუხოდ განმარტა, რომ მთავრობა გეგმავს 2-3 თვიან საინფორმაციო კამპანიის ჩატარებას. ასევე, განაცხადა, რომ ახალი რეგულაციების ასამოქმედებლად, კანონის მიღების შემდეგ 3-4 თვიანი გარდამავალი პერიოდი დაწესდება.

მთავრობის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” ცვლილებების განხორციელებასაც ითვალისწინებს. დღეს მოქმედი ნორმით, სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების გამოვლენისას, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება შეცვალოს ფულადი ჯარიმით. ცვლილების თანახმად, პირს მართვის უფლების შეჩერების შეცვლის მოთხოვნით უფლებამოსილი ორგანოსთვის მიმართვის უფლება მხოლოდ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენიდან არა უადრეს 3 თვისა წარმოეშობა.

პროექტის თანახმად, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მართვის დროს მძღოლის მიერ მობილური კომუნიკაციის საშუალებით სარგებლობა 10 ლარიდან 30 ლარამდე იზრდება. გაიზრდება, აგრეთვე, შემხვედრი სატრანსპორტო ნაკადის გამყოფი უწყვეტი ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის და მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობისთვის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომა. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, სიჩქარის გადაჭარბებასთან დაკავშირებით დაჯარიმება მოხდება გრადაციული სისტემით.

მთავრობის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები უკონტაქტო პატრულირების შემოღებას ითვალისწინებს.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შალვა ხუციშვილმა განაცხადა, უკონტაქტო პატრულირებას განახორციელებენ პოლიციის ავტომანქანები ამოსაცნობი ნიშნების გარეშე, თუმცა პოლიციის ეს ავტომობილები საპატრულო პოლიციის დაქვემდებარებაში ანუ იმ ქვედყოფის დაქვემდებარებაში იქნება, რომელსაც ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლებამოსილება არ აქვს. მისივე თქმით, სადაც პოლიციის აღნიშნული ავტომობილები იმოძრავებენ, ყველა შესასვლელსა და გასასვლელში იქნება დამონტაჟებული ამოსაცნონი ნიშნები, იმის თაობაზე, რომ ამ მონაკვეთზე ხორციელდება უკონტაქტო პატრულირება.

შალვა ხუციშვილმა აღნიშნა, რომ შეთანხმების თანახმად, ქულების შემცირების გამო მოხდება ერთი წლით მართვის მოწმობის შეჩერება და არა გაუქმება, ხოლო ვისაც სურვილი ექნება ამ ერთი წლის განმავლობაში აღიდგინოს მართვის მოწმობა, უნდა ჩააბაროს გამოცდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები