საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბერლინში დასრულდა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ბერლინში დასრულდა.
საპარლამენტო დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები ნინო წილოსანი, ანრი ოხანაშვილი, ზაზა ხუციშვილი, ლევან კობერიძე, სერგო რატიანი ასევე, პარლამენტის აპარატის უფროსი ნიკოლოზ ნათენაძე შედიან, მაღალი დონის შეხვედრები გამართა ბუნდესტაგის ვიცე-პრეზიდენტთან, ულა შმიდტთან, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან, გერმანიის უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა დეპარტამენტის კანცლერთან, გერმანიის პოლიტიკური ფონდის და საგარეო საქმეთა და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებთან, სამხრეთ კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, აგრეთვე, ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლანდტაგის ვიცე პრეზიდენტთან, ბუნდესტაგის ევროკავშირის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან და აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის საკითხებზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან.
ორმხრივ შეხვედრებზე გერმანია-საქართველოს საპარლამენტო ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს. მხარეებმა განიხილეს ურთიერთობების ეკონომიკური და პოლიტიკური მიმართულებები, ორ ქვეყანას შორის სამართალდამცავ ორგანოებში მჭიდრო კავშირი, საგანმანათლებლო სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ასევე, ჩვენი ქვეყნის კავშირი გერმანიის პოლიტიკურ ფონდთან და ანალიტიკურ კვლევით ცენტრებთან.
სამდღიანი სამუშაო ვიზიტის პროგრამა დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ შეაფასა.
„გერმანია-საქართველოს მჭიდრო და მრავალმხრივი თანამშრომლობა აკავშირებს. ბერლინში კოლეგებთან ერთად, ძალიან საინტერესო და სასარგებლო მაღალი დონის შეხვედრები გავმართეთ, როგორც საპარლამენტო ასევე, აღმასრულებელი ხელისუფლების დონეზე. განვიხილეთ ორმხრივი საპარლამენტო ურთიერთობების გაძლიერების საკითხები, კონკრეტული თანამშრომლობის სფეროები და ჩვენი საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, აგრეთვე, გავაცანით საქართველოში გატარებული დემოკრატიული რეფორმები, მიღწევები და პროგრესი.
ასევე, შევხვდით ეკონომიკის და განვითარების სამინისტროს წარმომადგენლებს, რომელთაც ორმხრივი თანამშრომლობის პრიორიტეტებზე ვესაუბრეთ.
ჩვენი გერმანელი პარტნიორები აგრძელებენ საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური სტრუქტურებისადმი სწრაფვის მიმართ. ისინი მხარს უჭერენ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფორმირებისთვის გატარებულ ყველა რეფორმას!
მადლობას ვუხდით და ვაფასებთ მათ ურყევ მხარდაჭერას, რომელსაც კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ბერლინში, რომ საქართველო არის ლიდერი რეგიონში ევროპული ღირებულებების და დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.
მისივე თქმით, აპრილში, ბერლინსა და თბილისში გერმანია-საქართველოს ხანგრძლივი კულტურულ-პოლიტიკური, მათ შორის, მჭიდრო დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავის აღსანიშნავი ოფიციალური ცერემონია გაიმართება.
საპარლამენტო დელეგაციის წევრები, ბერლინში გამართულ საერთაშორისო ტურიზმის გამოფენას ეწვივნენ, სადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები