გიორგი ალიბეგაშვილი “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულ მოვაჭრეებს შეხვდა

დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარესა და “ბავშვთა სამყაროს” დაზარალებულ მოვაჭრეებს შორის შეხვედრის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ მათი მოთხოვნა 5 000-ლარიანი კომპენსაციის შესახებ, ვერ შესრულდება.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს დაზარალებულებმა განუცხადეს, საკრებულოს თავმჯდომარემ მათ განუცხადა, რომ საკრებულოს ამის რესურსი არ გააჩნია და იგი მიმართავს სახელმწიფო უწყებებს, თუ როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება.
მათივე თქმით, საუბარი შეეხო სარეზერვო ფონდებს, მათ შორის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდსაც. ასევე, შუამდგომლობას ბანკების ასოციაციასთან, დავალიანებებთან მიმართებაში.
დაზარალებულები მომავალი კვირის ხუთშაბათამდე, “ბავშვთა სამყაროსთან” აქციებს გამართავენ.
დაზარალებულები აცხადებენ, რომ შედგება ხელახალი სიები და ამ სიების მიხედვით მოხდება ზარალის დათვლა.
შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმაც.
მისი თქმით, მოხდა შეთანხმება, რომ საკრებულოში ჩამოყალიბდეს სამუშაო ჯგუფი.
“ამ სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართება მომავალი კვირის სამშაბათს. ასევე, ჩვენ ვთხოვეთ, რომ მათაც შექმნან სამუშაო ჯგუფი და დააზუსტონ დაზარალებულების ზუსტი მონაცემები. ეს მონაცემები მათაც არ იციან ზუსტად. მათ ძალიან კარგად იციან და გაცნობიერებული აქვთ, რომ მიმდინარეობს დავა ორ კერძო სუბიექტს შორის. ჩვენ, საკრებულო, ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ყველა სტრუქტურასთან გავარკვიოთ, რითი შეგვიძლია მათი დახმარება. ჩვენ მაქსიმალურად ჩართულები ვიქნებით ამ პროცესებში და მაქსიმალურად შევეცდებით მათ დახმარებას. მომავალი შეხვედრა გაიმართება შემდეგ ხუთშაბათს და საბოლოოდ რაზე შევთანხმდებით, ამას საზოგადოება გაიგებს. ეს არის მთლიანად მერიის კომპეტენცია. საკრებულოდან ისინი ვერაფერს მიიღებენ, ამიტომ არის ჩვენი შუამდგომლობები არსებითი სახელმწიფო სტრუქტურებთან”, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები