KOKA & T. BLUES MOB-ის კონცერტი „ზაზანოვაში“ სრული ანშლაგით ჩატარდა

„ზაზანოვაში“  8 მარტს  KOKA & T. BLUES MOB-ის კონცერტი: International Women & Blues Day! გაიმართა.„წელს ისე მოხდა, რომ 8 მარტს – ქალთა საერთაშორისო დღეს, ბლუზის საერთაშორისო დღეც დაემთხვა.  BLUES & WOMEN – ამ სიტყვების ერთობას შეუძლია აღაფრთოვანოს ნებისმიერი გემოვნებიანი ადამიანი“…  – განუცხადა „კვირას“ კოკა ცქიტიშვილმა.
კოკა ცქიტიშვილის თქმით,  კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა, მაყურებელი გარეთაც იდგა, ძალიან ბევრი უადგილოდ დარჩა.
„უამრავი ქალბატონი ესწრებოდა, ვამღერე დარბაზი, ამ მხრივ ისინი ძალიან აქტიურები არიან. შევასრულე როგორც საკუთარი სიმღერები, ისე ჩემ მიერ არანჟირებული რამდენიმე ქავერი“.
„ზაზანოვაში“ განვაცხადე ჩვენს უახლოეს გეგმებზე, რომ ჩვენ 8 ივნისს ოფიციალურად ვიწყებთ Blues & Wine-ს, საქართველოში, კახეთში პირველი საერთაშორისო ბლუზფესტივალი ტარდება. წარვადგინე  ჩემი კომპანიის წევრები, ვინც ჩემთან ერთად თანამშრომლობს, მოვყევი, ვინ უნდა ჩამოვიდეს ფესტივალზე, რამაც იმ დარბაზში ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა და ტაში მოჰყვა“.
ბლუზმენის თქმით, საფესტივალოდ ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორია სპეციალურად შეირჩა, რადგან უნიკალურ ბუნებასთან ერთად, იქ არის სცენა, შენდება პარკინგი, ტუალეტები…
„კახეთის რეგიონში დასავლეთ საქართველოსთან შედარებით ნაკლები ღონისძიებები ტარდება. გვინდა, რომ იმ დიდმა კულტურულმა ღონისძიებებმა, რითაც  აჭარა გამოირჩევა, კახეთის რეგიონშიც გადმოინაცვლოს. კახეთი ფანტასტიკური რეგიონია ფანტასტიკური ღვინით და, სამწუხაროდ, არაფერი კეთდება ზაფხულის განმავლობაში.
აზერბაიჯანი იქვეა და ის ტურისტული ნაკადი, რომელიც შავი ზღვისკენ მოდის, რაღაც პერიოდში ლაგოდეხთანაც ერთი-ორი დღე გაჩერდება და მოუსმენენ ფესტივალს. იმ ადგილას, სადაც კონცერტი დავნიშნეთ, შარშან 12 ათასამდე რუსი და უკრაინელი ტურისტი ჩამოვიდა, ზაფხულობით მათ Wine ture აქვთ და გაკვირვებულნი იყვნენ, არაფერი ხდებაო.
ძალიან ბევრს უნდა ფესტივალზე წამოსვლა, ახალგაზრდები უფრო აქტიურები არიან ამ ეტაპზე. თბილისიდან სპეციალური ავტობუსები დაინიშნება. ვიცი, რომ ისინიც ჩაერთვებიან, ვისაც უბრალოდ ბლუზი უყვარს და წამოყვებიან  მანქანებს.
ფესტივალი დიდი კონცერტით დაიწყება. ძალიან დატვირთული პროგრამა გვექნება: კვირაობით „ჯემსეიშენი“ ჩატარდება ჩამოსულ მუსიკოსებთან. ახალგაზრდებთან მასტერკლასები გაიმართება. კვირის განმავლობაშიც თემატური საღამოები  ჩატარდება“, – აღნიშნა კოკა ცქიტიშვილმა.
მუსიკოსის თქმით, აპრილ-მაისში ორ დიდ კონცერტს გამართავენ, სადაც ცნობილი ამერიკელი და ბრიტანელი ბლუზმენები ჩამოვლენ. უამრავ ადამიანთან წარმოებს მოლაპარაკება და ორ კვირაში დაზუსტება ყველა დეტალი…
საუბრის ბოლოს, ისევ 8 მარტის კონცერტს მივუბრუნდით და ვკითხეთ, რას ეტყოდა ქალბატონებს, რას უსურვებდა გაზაფხულის მოსვლასთან ერთად…
„ბედნიერებას ვუსურვებ, მეტი რა უნდა ვუსურვო? მთავარია, ქალი და მისი ოჯახის წევრები ჯანმრთელები იყვნენ. უსმინონ ბლუზს და  ძალიან ბედნიერები და გალაღებულები იქნებიან“… – გვითხრა კოკა ცქიტიშვილმა.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები