სურსათის ეროვნული სააგენტო კახეთის რეგიონში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს განიხილავს

საქართველოში გამოვლენილი ახალი მავნებლის – აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ეფექტიანად განხორციელებისთვის, რეგიონებში ტრენინგები და კონსულტაციები მიმდინარეობს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს რეგიონული და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საკონსულტაციო-საინფორმაციო სამსახურების წარმომადგენლები მავნებლის სპეციფიკას და ბრძოლის ღონისძიებებს ამჯერად კახეთის რეგიონში განიხილავენ.
რეგიონული შეხვედრები სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით და აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID), საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით მიმდინარეობს.
„პროექტი ორიენტირებულია, დავეხმაროთ საქართველოს მთავრობას, ეფექტიანად წარმართოს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ მიმართული ის ღონისძიებები, რომლებიც იგეგმება 2017 წელს. ინვაზიური მავნებლის გამოჩენა დიდ რისკთან არის დაკავშირებული. ჩვენი პროექტი ჩართულია საგანმანათლებლო საქმიანობაში, სხვადასვა ტიპის ტრენინგის დაფინანსებასა და საინფორმაციო კამპანიაში, რაც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებს მოიცავს“, – განაცხადა აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) წარმომადგენელმა, ნინო ინასარიძემ.
სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს ფიტოსანიტრის, დავით აბესაძის განცხადებით, აზიური ფაროსანა კახეთში ჯერჯერობით არ არის გავრცელებული, თუმცა მნიშვნელოვანია წინასწარი მზაობა, რათა დაფიქსირების შემთხვევაში, გატარდეს შესაბამისი ღონისძიებები.
აზიური ფაროსანა ინვაზიური მავნებელია, რომელიც საქართველოში პირველად 2015 წელს გამოჩნდა. მავნებელი აზიანებს თხილს, თესლოვანი და კურკოვანი ხეხილის სხვადასხვა სახეობას, კენკროვნებს და ბოსტნეულ კულტურებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები