გიორგი კვირიკაშვილი: საქართველო-იტალიის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო

​საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იტალიაში ოფიციალური ვიზიტის შედეგები შეაფასა. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო-იტალიის ურთიერთობებში ახალი ეტაპი დაიწყო.
“ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტი შედგა. იტალიასთან ჩვენ გვაქვს უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ურთიერთობები. არაერთ შეხვედრაზე გავაკეთეთ დეკლარირება საქართველოს მნიშვნელოვანი როლით ჩვენს რეგიონში. შეიძლება ითქვას, რომ რამდენიმე ასეული იტალიური კომპანია დაესწრო დღეს შეხვედრას და მათი მხრიდან არის ძალიან ძლიერი ინტერესი საქართველოში ინვესტირების. დღეს ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს ვიზიტი გახდება საფუძველი ახალი მნიშვნელოვანი ფაზის დაწყების. არა მხოლოდ იმედი გვაქვს, არამედ მივიღეთ ამაზე თანხმობა, რომ ჩვენი ურთიერთობა მიიღებს სტრატეგიული ურთიერთობის ხასიათს,”-განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა კიდევ ერთხელ მიულოცა მოსახლეობას ის ფაქტი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შესახებ გადაწყვეტილება ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში უკვე გამოქვეყნდა.
“კიდევ ერთხელ ვულოცავ ყველას, ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა ნამდვილად. მინდა, მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, რომ გავუფრთხილდეთ ამ მიღწევას, ვინაიდან ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, რათა ჩვენ ღირსეულად ვატაროთ ეს მნიშვნელოვანი უფლება, განსაკუთრებით საწყის პერიოდში. ეს ნიშნავს, რომ ის ვადა, რომელიც არის მოცემული მოკლევადიანი ვიზიტებისთვის, არ დაირღვეს და გავიტანოთ ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტი ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას შეეფერება,”-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები