ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს

9 მარტს, ვენეციაში, ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს 58-ე შეხვედრა გაიმართება, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე – ეკა ბესელია  მიიღებს მონაწილეობას.
დემოკრატიული არჩევნების საბჭო 2 წლის ვადით საბჭოს ახალ თავმჯდომარეს აირჩევს. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, დემოკრატიული არჩევნების საბჭო, საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით, მოისმენს ინფორმაციას ეუთო/ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის მიმდინარე და მომავალი საქმიანობის შესახებ.
დემოკრატიული არჩევნების საბჭოს სხდომაზე მიღებული იქნება ვენეციის კომისიისა და ეუთო/ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის ერთობლივი მოსაზრების პროექტი საკითხზე – საკონტროლო ჩამონათვალი საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, რომელიც დაკავშირებულია საარჩევნო პროცესის დროს, ეროვნულ და რეგიონულ დონეზე ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებასთან.
სხდომის მონაწილეები გაეცნობიან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლის ნაშრომს თემაზე -„მინიმალური სტანდარტების დაწესება საარჩევნო სისტემებში იმისათვის, რომ შემოთავაზებული იქნეს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები”. განხილული იქნება ამ სფეროში თანამშრომლობის შესაძლებლობები.
ეკა ბესელია ვენეციის კომისიის დემოკრატიული არჩევნების საბჭოს წევრად, მეორე ვადით, მიმდინარე წლის იანვარში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე აირჩიეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები