ვახტანგ ხმალაძე: რაც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის მისამართით გააკეთა, იყო არაკორექტული

​კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე ოპონენტების იმ მოსაზრებასაც გამოეხმაურა, რომ თითქოს მმართველი გუნდი ცდილობს, მაქსიმალურად შეზღუდოს პრეზიდენტის უფლებები. როგორც ვახტანგ ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, კომისიაში სხვადასხვა ვერსიები განიხილება და ამ ვერსიებში პრეზიდენტს რჩება იგივე უფლებები, რა უფლებებითაც დღეს სარგებლობს.
”განცხადება, რაც პრეზიდენტმა საკონსტიტუციო კომისიის მისამართით გააკეთა, იყო არაკორექტული, ისევე, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პასუხი იყო ნაწილობრივ არაკორექტული. ყველას შეგიძლიათ ნახოთ რა ვერსიები განიხილება კომისიაში და ამ ვერსიების მიხედვით, პრეზიდენტის უფლებები არ არის შეზღუდული. რა უფლებებიც აქვს პრეზიდენტს, ისევ ის უფლებები რჩება, არ აკლდება”, – განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.
​საკონსტიტუციო კომისიის სამუშაო ჯგუფის გაერთიანებულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების გაკეთებას, შეიძლება ვიფიქროთ, რომ მომავალ წელს არაპირდაპირ არჩევნებზე გადავალთ. ამ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა უპასუხა. მისი თქმით, ირაკლი კობახიძის განცხადება მიუთითებს, რომ კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე.
​საკონსტიტუციო კომისიის მუშაობა საქართველოს პარლამენტში ამ დრომდე მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები