თეა წულუკიანი “რუსთავი 2”- თან დაკავშირებით, ევროსასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებს

„რუსთავი 2“-ის საქმეზე, ევროსასამართლომ მიიღო გადაწვეტილება, არა საქმის განხილვის დასრულებამდე, არამედ 8 მარტამდე მიღებულ იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლოდან მიღებულ კორესპონდენციაში მითითებულია, რომ ხელისუფლებამ არ უნდა განახორციელოს არანაირი ღონისძიება, რომელიც გამოიწვევდა არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, ჯერჯერობით, უცნობმა მოსამართლემ საქმეს პრიორიტეტი მიანიჭა. წულუკიანის თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმეს სასამართლო საქართველოდან გაგზავნილ ნებისმიერ სხვა საქმეზე ადრე განიხილავს.
იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა არის მხარე – მხარეს წარმოადგენს იუსტიციის სამინისტრო და პროცესი იმგვარად წარიმართება, როგორც სხვა სარჩელებთან დაკავშირებით ევროსასამართლოში.
„რა იქნება მერე – ისმის ეს კითხვა. მერე იქნება ის, რომ 8 მარტამდე სასამართლო უნდა შეიკრიბოს და ალბათ, არა უკვე ერთპიროვნულად, ერთი მოსამართლის მონაწილეობით, არამედ კოლეგიური გადაწყვეტილება უნდა იქნეს მიღებული იმასთან დაკავშირებით, გაფართოვდეს თუ არა სასამართლოს პრაქტიკა ამ ფორმით გამოხატვის თავისუფლების საქმეებზე, გაგრძელდეს თუ არა დროებითი ღონისძიება და შენარჩუნდეს თუ არა ეს გადაწყვეტილება“, – განაცხადა წულუკიანმა.
ნიკა გვარამიას ცნობით, ევროსასამართლომ „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება შეაჩერა. ნიკა გვარამიას განმარტებით, სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე, დროებითაა შეჩერებული, რათა ევროსასამართლო საქმის არსში გაერკვეს.
უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ გააუქმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და „რუსთავი 2-ის“ 60%-იანი წილი ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა, ხოლო 40% შპს „პანორამას“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები