საქართველოსა და ბელორუსიას შორის ინვესტიციების მხარდაჭერისა და საჰაერო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულებები გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია ბელორუსიაში ვიზიტით იმყოფება. მინისტრი ბელორუსიის მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც ორ ქვეყანას შორის ინვესტიციების მხარდაჭერისა და დაცვის, ასევე საჰაერო მიმოსვლის ხელშეკრულებებს მოეწერა ხელი.
გიორგი გახარიამ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობა შეაფასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოსა და ბელორუსიას ვაჭრობის სფეროში საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს, ხოლო გაფორმებული ხელშეკრულებები ორი ქვეყნის კომპანიების ინტერესს ინვესტიციების განსახორციელებლად კიდევ უფრო გაზრდის.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლის მონაცემებით, საქართველოსა და ბელორუსიას შორის ვაჭრობის ინდექსმა 78 მილიონს მიაღწია.
,,ყველაზე მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ხელი მოვაწერეთ ინვესტიციების მხარდაჭერის და დაცვის ხელშეკრულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ბელორუსული კომპანიების საქართველოში, ასევე ქართული კომპანიების ბელორუსულ ბაზარზე გააქტიურებისთვის. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ მსგავსი ხელშეკრულებების გაფორმების შემდეგ რამდენიმეჯერ იზრდება ხოლმე კომპანიების აქტიურობა და ურთიერთინვესტირების ინტერესი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მინისტრის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულებები ღია ბაზარს მისცემს ფასის დაბალანსების საშუალებას, გაიზრდება ვიზიტორთა და შესაბამისად, ავიარეისების რაოდენობაც.
,,მეორე ხელშეკრულება არის საჰაერო მიმოსვლის შესახებ, სადაც, ფაქტობრივად, ჩვენ ვთანხმდებით, რომ ღია ბაზარი დააბალანსებს როგორც ფასს, ასევე რეისების რაოდენობას, რადგან ჩვენ პირდაპირ ვართ დაინტერესებული ბელორუსიიდან საქართველოში მაქსიმალური რაოდენობის ტურისტი მოვიზიდოთ. ვფიქრობთ, რომ უკვე წელს ამ ხელშეკრულებებს თავისი შედეგი ექნება“, – აღნიშნა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.
გიორგი გახარია ბელორუსიის რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები