მსახიობი, რომელიც ხელნაკეთი თოჯინების გამოფენაზე ოცნებობს…

17077900_1846179605620252_977334130_nბავშვობიდან ძმასთან ერთად შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩეოდა. თეატრალურ სტუდიაში დადიოდა  და 12 წლისამ იცოდა, რომ მსახიობი გამოვიდოდა. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე იყო მრავალი პრემიერა, ემოცია, ნომინაციები, მაყურებლის ტაშით გამოწვეული ცრემლები... შემდეგ იყო სამსახიობო ფაკულტეტი დასამახსოვრებელი თავგადასავლებით… საინტერესო პერიოდი მესხეთის თეატრში…  შემოქმედებითი ფანტაზია ულევი აქვს. ხელნაკეთი ნამუშევრებით საქველმოქმედო საღამოებში მონაწილეობს. ამბობს, რომ ერთმანეთის გვერდში დგომა, სიკეთე და უანგარობა გადაგვარჩენს. – მსახიობ გვანცა წივილაშვილის პერსონა.

 – ბავშვობა  ის პერიოდი იყო, რომელსაც სიამოვნებით გავიმეორებდი. პატარა გამხდარი გოგონა ვიყავი გრძელი თმით და აქტიურობით გამოვირჩეოდი. ბავშვობა ასოცირდება ბებოსთან, ეკატერინე სეფიშვილთან. დიდ დროს სოფელ ხიზაბავრაში ვატარებდი. საოცარი ნოსტალგია მაქვს: წრეში ბურთი, დაჭერობანა, უამრავი თამაშით ვირთობდით თავს. სამწუხაროა, დავდივარ ქუჩებში და ვეღარ ვხედავ პატარებს, რომლებიც დამალობანას თამაშით ხარობენ. ყველაფერი კომპიუტერმა ჩაანაცვლა და, შესაბამისად, შეიცვალა მათი ყოველდღიური სურვილები და ოცნებები. 3-4 წლის ასაკიდან დავყავდით დედას მე და ჩემი ძმა დავითი თეატრში, დედა ხშირად მიყვებოდა, რომ არასდროს ვტიროდით, პირიქით, სცენაზე მდგომ მსახიობებს თვალს არ ვაშორებდით.
ძმაც შემოქმედებითი ნიჭით გამოირჩეოდა… რატომ გადაწყვიტე მსახიობობა?17078516_1846479062256973_281939704_n
– მე-9 სკოლაში ვსწავლობდი, ჩემი ფოტო არ ყოფილა ფრიადოსნების დაფაზე გამოფენილი, მაგრამ მიყვარდა ხელოვნების, ბოტანიკის, ქართულის, ფიზკულტურის გაკვეთილები. მშობლებმა შვილებში ნიჭის ძიება ადრეული ასაკიდან დაიწყეს. 6 წლის ასაკში მე და დათო შეგვიყვანეს სუხიშვილების სტუდიაში, ძალიან მიყვარს ცეკვა, თუმცა დათომ ანსამბლ „მამულში“ განაგრძო მოღვაწეობა, მე კი თეატრალურ სტუდია  „თეატრალში” რეჟისორ ლაშა გოგნიაშვილს მიმაბარეს.
12 წლის ასაკში უკვე ვიცოდი, რომ მსახიობობა მინდოდა, დედასაც სურდა, ამ პროფესიას დაუფლებოდა, თუმცა  ძალიან რთული დრო იყო და სხვა პროფესია არჩია. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე იყო მრავალი პრემიერა, ემოცია, ნომინაციები, მაყურებლის ტაშით გამოწვეული ცრემლები. 5 წელი ლაშასთან დიდი  შრომის პერიოდი იყო  და ავტომატურად გადაწყდა ჩემი ცხოვრების გზაც.
თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი დაამთავრეთ.
– სტუდენტობა უამრავი ისტორიით სავსე ერთი დიდი  თავგადასავალი იყო. სამსახიობო ფაკულტეტზე სწავლა  დიდი გამოცდა, პასუხისმგებლობა იყო ლაშას და ჩემი ოჯახის წინაშე. უნდა დამემტკიცებინა, რომ ამდენი ადამიანის ძალისხმევამ უკვალოდ არ ჩაიარა. ოთხი წლის მანძილზე მომიწია ორ რეჟისორთან სწავლებამ. რეჟისორ ავქსენტი გამსახურდიასთან და რეჟისორ დიმა ღვთისიაშვილთან. 17078406_1846179132286966_203508629_n
შევეცადე, ორი რადიკალურად განსხვავებული რეჟისორისგან მიმეღო ყველაფერი, რაც ჩემთვის საინტერესო იყო. ასევე მყავდა არაჩვეულებრივი ქორეოგრაფი ნატალია დიღმელაშვილი. „სამბა ვალსი“, უამრავი სხვადასხვა ცეკვა… საოცარი პერიოდი იყო საოცარ  ჯგუფთან ერთად, ერთმანეთის არ გვშურდა, პირიქით, გვერდში ვედექით ერთმანეთს.
მესხეთის თეატრში მუშაობდით
– მესხეთის თეატრი დიდი გამოწვევა იყო ჩემთვის. მმართველი ქალბატონი ლია სულუაშვილი იყო. მოწვევით ხშირად ჩამოდიოდნენ სხვადასხვა რეჟისორები: სოსო ნემსაძე, გიორგი შალუტაშვილი და სხვები. მიყვარს სცენა თავისი სირთულეებით. ძალიან საინტერესო წლები გავატარე, შევიძინე მეგობრები. თეატრი უზარმაზარი სამყაროა და მადლობა ჩემს ოჯახს, რომ ბოლომდე მაზიარა ამ სამყაროს.
– კერძო ბაღანბანელაში მუშაობთ რეჟისორის ასისტენტად... ასევე ბოლო ზარების ორგანიზატორიც ხართ
– ამჟამად ვმუშაობ უამრავ პატარასთან ერთად. ძალიან რთული იყო პირველი ნაბიჯები, პირველი ზეიმი… დიდი სიფრთხილეა საჭირო, უნდა დაიმსახურო პატარების ნდობა, სიყვარული, ყველა დეტალი უნდა მიაწოდო მათთვის გასაგებ ენაზე. მათ უანგარო და გულწრფელი სიყვარული შეუძლიათ. სწორედ ეს მაძლევს ენერგიას.17036540_1846179255620287_219660444_o
მინდა მადლობა გადავუხადო „ანბანელას“ დირექტორს, ქალბატონ ქეთი წულიაშვილს და რეჟისორ ნანი ჯაიანს, რომ მომცეს საშუალება, მათი გუნდის წევრი გავმხდარიყავი. ასევე ვოკალის პედაგოგებს – ნანა თოდუას და მაგდა დვალს გვერდში დგომისათვის. „ანბანელა“ ერთი დიდი ოჯახია.
რაც შეეხება ბოლო ზარს, წლებია ამ საქმით ვარ დაკავებული. როდესაც ვიწყებ კლასთან მუშაობას, ვცდილობ, დავინახო მათი შესაძლებლობები. ძალიან მკაცრი ვარ. არ მიყვარს უპასუხისმგებლობა. ყველა რეპეტიციას ვიწყებ მათთან საუბრით, რა არ მომწონს, რას ვითხოვ, რატომ  ვითხოვ, რომ ყველაფერი კეთდება მათთვის. ხშირად მქონია შემთხვევა,  მოსწავლე რეპეტიციიდან სამუდამოდ გამიშვია. ჩემთვის მიუღებელია რეპეტიციებზე გასართობად სიარული.
ყველაფერს თავისი დრო აქვს. მე ვარ ერთი, რომელმაც უნდა იზრუნოს სცენარზე, ცეკვებზე და უამრავ დეტალზე, თქვენ კი ხართ ოცნი ან მეტნი-მეთქი. ამ სიტყვებს ხშირად ვიმეორებ მათთან. ბოლო ზარის დღეს მაყურებელმა უნდა ნახოს მობილიზებული, შეკრული კლასი, რასაც  შრომა სჭირდება. ამიტომ არ ვაძლევ მათ მოდუნების და გართობის საშუალებას…
– მრავალ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობთ ხელნაკეთი აქსესუარებითპოლიმერულ  თიხაზე მუშაობაც დაიწყეთ...
17035378_1846179405620272_894421501_n
– ყოველთვის მზად ვარ, ვიდგე იქ, სადაც ვჭირდები ადამიანებს. სიკეთის კეთება უდიდეს ბედნიერებას მანიჭებს, დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას ყველგან, სადაც სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად ვიქნები საჭირო და იგივეს მოვუწოდებ ყველას. გვერდში დგომა, სიკეთე და უანგარობა გადაგვარჩენს… პოლიმერულ თიხაზე ახლახან დავიწყე მუშაობა. ვნახოთ, რა გამოვა… სამწუხაროდ, ხატვის ნიჭი არ მაქვს.
გამოფენის მოწყობა ერთ-ერთი ჩემი ოცნებაა, ამისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ. მინდა გამოფენა მრავალფეროვანი იყოს.
ჯერ მზად არ ვარ,  პერსონალური გამოფენა დამოუკიდებლად მოვაწყო და დამსწრე საზოგადოებას სრულყოფილი პროდუქტი შევთავაზო. ძალიან მინდოდა ზაირა კეღოშვილის, ანუ დედის პოეზიის საღამოზე წარმედგინა ჩემი ნამუშევრები, თუმცა ვერ მოხერხდა. საღამო ათენში შედგა, მე კი საქართველოდან ვგულშემატკივრობდი.
– დედათქვენმა ახლახან ლექსების კრებული გამოსცა. თქვენც წერთ…17078698_1846482745589938_1321396223_n
– ბავშვობიდან ვწერ, თუმცა დედის ლექსების თუ ჩანახატების წაკითხვის შემდეგ მერიდება, ვთქვა, რომ მეც ვწერ. ძალიან კრიტიკული ვარ საკუთარი ნაწერების მიმართ.  რჩევებს  ვიღებ დედისგან. ყოველთვის მომიწოდებს, არ გავჩერდე, ვწერო რაც შეიძლება ბევრი… არ მიყვარს ერთფეროვნება, მოსაწყენია… ამიტომ ყველაფერზე ვწერ, რაც მაწუხებს.
– ოჯახი
– ჩემი ოჯახი გაყოფილია ორ ნაწილად: საბერძნეთი და საქართველო. მე და მამა გიორგი წივილაშვილი ვცხოვრობთ თბილისში, დედა, ძმა, მისი მეუღლე და შვილი – ათენში. დაოჯახებული არ ვარ. ძალიან რთულია სიშორე. ყველა დამეთანხმება, ვისაც ეს განუცდია. მაგრამ გავხდი მამიდა და ამოყირავდა ჩემი ცხოვრება. დაიბადა პატარა ანიტა.
მას ვირტუალურად ვიცნობ. ყოველდღე ვხედავ და ეს საოცრება გვაძლებინებს მე და მამას. დავითს ცეკვის სტუდია აქვს, სადაც პატარებს  ქართულ ცეკვას ასწავლის. ეს უზომოდ მახარებს. ასევე ქმნის ძალიან საინტერესო მუსიკას. ძალიან ნიჭიერია. მინდა საქართველოშიც გაიცნონ, როგორც მუსიკოსი. 17078460_1846479885590224_1972414721_n
ოჯახი იმედი, ძალა და ენერგიაა. თვალდახუჭული შემიძლია გავყვე მათ ყველგან, თუნდაც გაურკვეველი მიმართულებით.
– ოცნება?
– უამრავი ოცნება მაქვს, ბრჭყვიალა თაროებზე შემოლაგებული ორ ნაწილად მაქვს დაყოფილი. ერთი ნაწილი არის ჩემი, ჩემში და არ საჭიროებს ასრულებას, მეორე ნაწილი კი უნდა ავასრულო და ამისთვის ვიბრძვი, თუმცა არც ერთი ოცნება არ იქნება სრულფასოვანი, თუ არ ამიხდება ნატვრა, მალე ვნახო  8 წლის უნახავი დედა… ერთხელ მითხრა, როცა იდგები სცენაზე და გაიხსნება ფარდა, წარმოიდგინე, რომ დარბაზში სადღაც რომელიმე სკამზე ვზივარ და გიყურებო. 8 წლის მანძილზე ამ შეგრძნებით ვცხოვრობ. დროა, გაიხსნას ფარდა და წარსულს ჩავაბარო წარმოსახვა. მიყვარს ოცნება.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

17092238_1846179428953603_1860657679_n

12994400_1072839162775102_8665999967096266556_n

13010679_1073194572739561_8331813260667341066_n          17035489_1846179438953602_159963689_n

12965939_1712504985654382_1071178930_n  17091422_1846178792287000_1766932723_o

17093209_1846178795620333_1130984643_o

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები