სამოქალაქო თვითმფრინავის ნაწილების ქარხნის (ATC) მშენებლობა აქტიურ ფაზაში გადავიდა

საპარტნიორო ფონდისა და ისრაელის კომპანია “Elbit Cyclone”-ის ერთობლივი პროექტი, სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის (ATC) მშენებლობა აქტიურ ფაზაში გადავიდა. დღეის მდგომარეობით, დასრულებულია დეტალური პროექტირება, მანქანა-დანადგარების სპეციფიკაციების მომზადება და მოლაპარაკებები მათ მომწოდებლებთან. კვირის ბოლოს დასრულდება მიწის საექსკავაციო პროცესი, რის შემდეგაც იწყება საწარმოს შენობის სამშენებლო სამუშაოები.
სამშენებლო პროცესი სამი ეტაპისგან შედგება. გეგმის თანახმად, საწარმოს შენობის მშენებლობა და მისი დანადგარებით აღჭურვა 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ხოლო Boeing-ის მიერ ქარხნის სერტიფიკაციის პროცესი 2018 წლის ივნისში უნდა დასრულდეს.
ქარხნისთვის უკვე შეკვეთილია თანამედროვე, უმაღლესი სტანდარტის მქონე დანადგარები და მოწყობილობები, რომლებიც “Elbit Cyclone”-ის კვალიფიციურმა სპეციალისტებმა შეარჩიეს. უკვე დაწყებულია სპეციალისტების გადამზადების პროცესი, რომელიც მოიცავს ტრენინგს თვითმფრინავების სხვადასხვა კომპოზიტური ნაწილების წარმოების მიმართულებით და ის ისრაელში ტარდება.
ქარხანაში (ATC) დამზადდება სამოქალაქო თვითმფრინავის კომპოზიტური დეტალები, მათ შორის აეროდინამიკური ზედაპირი, კარი, საკონტროლო პანელი და სხვა ნაწილები. საწარმოში შექმნილი პროდუქციის პოტენციური მომხმარებლები იქნებიან ავიაციის ინდუსტრიის ისეთი მსხვილი მოთამაშეები, როგორებიცაა Boeing, Airbus, Bombardier და სხვები. საწარმოში წარმოებული პროდუქციის 100% ექსპორტზე იქნება ორიენტირებული. პროდუქციის გამოშვებას ქარხანა 2018 წლიდან დაიწყებს.
საწარმოს სამშენებლო სამუშაოებზე ეტაპობრივად დასაქმდება 100-მდე ადამიანი. საბოლოო ჯამში, 85 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების პროექტი დაასაქმებს 200-მდე ადგილობრივს, მათ შორის ქარხნის გაშვების მომენტისთვის, გადამზადებული და დასაქმებული იქნება 80 შესაბამის კადრი.
ქარხანის (ATC) მშენებლობას ოპერირებას უწევს საპარტნიორო ფონდის და “Elbit Systems – Cyclone”-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული JSC Aerostructure Technologies Cylone (ATC). ქარხნის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს ქართული სამშენებლო კომპანია შპს „ანაგი“ და მისი ქვეკონტრაქტორი კომპანია „აი-სი-ი-ეს-ი“.
საპარტნიორო ფონდმა ისრაელის კომპანია “Elbit Systems – Cyclone” -თან ერთად, სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილების მწარმოებელი ქარხნის პროექტს საფუძველი 2015 წლის სექტემბერში ჩაუყარა. მშენებლობის დაწყებამდე პერიოდი მოიცავდა პროექტირების, სამშენებლო კომპანიების შერჩევის, ინფრასტრუქტურის მოწყობის, ასევე, ქარხნის აღჭურვილობის დამამზადებელი კომპანიების შერჩევისა და მათთან კონტრაქტების გაფორმების პროცედურებს.
მაღალტექნოლოგიური საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა (ATC) თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
“ELBIT Cyclone”-ის შესახებ:
“ELBIT Cyclone” არის “ELBIT Systems”-ის შვილობილი კომპანია. ისრაელში ის სამი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სამხედრო/თავდაცვის აეროხომალდების ნაწილები, მსხვილი სამოქალაქო თვითმფრინავების ნაწილები და უსაფრთხოების სისტემები.
“ELBIT Systems” დაარსდა 1967 წელს ისრაელში, არის „NASDAQ-ზე“ (“ESLT”) და თელ-ავივის საფონდო ბირჟებზე კვოტირებული კომპანია. 2015 წელს კომპანიის ბრუნვა დაახლოებით 3 107 581 მლრდ დოლარს შეადგენდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები