1 მაისიდან „ყატარის ავიახაზები“ თბილისსა და დოჰას შორის დღეში ორი სიხშირით იფრენს

„ყატარის ავიახაზები“ დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის და 1 მაისიდან რეგულარულ რეისებს დღეში უკვე ორჯერ შეასრულებს.
სამოქალაქო ავაციაციის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, განახლებულ ფრენის განრიგს ავიაკომპანია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში უახლოეს დღეებში წარმოუდგენს.
ავიარეისები Airbus 320 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
თბილისის მიმართულებით ფრენების ინტენსივობის გაზრდის შესახებ „ყატარის ავიახაზების“ მესვეურებმა ავიაკომპანიის საქართველოს ავიაბაზარზე შემოსვლის ხუთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ მიღებაზეც ისაუბრეს.
ღონისძიება 27 თებერვალს შედგა და მოწვეულ სტუმრებს შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, ტავ ჯორჯიას, აეროპორტების გაერთიანიებისა და მსხვილი ტურ ოპერატორების პირველი პირები იყვნენ.
როგორც ავიაკომპანიის აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის უფროსმა კომერციულმა მენეჯერმა, ჯოვანი სიმონინმა შეხვედრაზე აღნიშნა, „ყატარის ავიახაზები“ დადებითად აფასებს საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირების 5-წლიან პერიოდს, ასევე, ავიაკომპანიის ადგილობრივი წარმომადგენლობის წარმატებულ საქმიანობას, მგზავრთა მოზიდვის თვალსაზრისით.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, როგორც ქართველი, ისე ყატარისა და მთლიანად, შუა აღმოსავლეთის რეგიონის მგზავრების მხრიდან მოთხოვნა დოჰა-თბილისი-დოჰას მიმართულებაზე წლიდან წლამდე განუხრელად იზრდება.
„ყატარის ავიახაზები“ საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2012 წლის თებერვალში შემოვიდა.
ხუთვარსკვლავიანმა ავიაკომპანიამ ოპერირება დოჰა-ბაქო-თბილისი – თბილისი-ბაქო-დოჰას საჰაერო ხაზზე კვირაში 7-ჯერ სიხშირით დაიწყო, 2016 წლის დეკემბრიდან კი 4 ახალი სიხშირე დაამატა, შუალედური (ბაქო) პუნქტის გარეშე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები