„ეჭვი იმისა, რომ პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის საკითხში მისივე დაცვის უფროსი იყო გარეული, უფრო ძლიერდება“

ეჭვი იმისა, რომ პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის საკითხში მისივე დაცვის უფროსი იყო გარეული, უფრო და უფრო ძლიერდება. ამის შესახებ საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია ფეისბუქის პირად გვერდზე წერს და სოსო ოხანაშვილის ინტერვიუდან ფრაგმენტს ეხმაურება.
გამზარდია ვარაუდობს, რომ ოხანაშვილი „რუსთავი 2“ – თან ინეტერვიუში შეეცდება პატრიარქის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული მოსაზრება შეატრიალოს და ყურადღების ცენტრი დაკავებული დეკანოზიდან და თავისი შესაძლო ჩართულობიდან, სრულიად სხვა მიმართულებით გადაიტანოს.
არჩილ გამზარდია პროკურატურას ოპერატიულობისკენ მოუწოდებს.
„ეჭვი იმისა, რომ პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის საკითხში მისივე დაცვის უფროსი იყო გარეული, უფრო და უფრო ძლიერდება. მან ერთ-ერთ ტელეკომპანიას ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელიც საღამოს გავა ეთერში, ადვილად პროგნოზირებადია რაზე იქნება იქ საუბარი, სავარაუდოდ, ის პატრიარქის ქორეპისკოპოსს პატრიარქის წინააღმდეგ თუ დასდებს ბრალს, ასევე პატრიარქის თანაშემწეს, რითიც შეეცდება პირიქით, შეატრიალოს პატრიარქის ლიკვიდაციასთან დაკავშირებული მოსაზრება და თემა და ყურადღების ცენტრი დაკავებული დეკანოზიდან და თავისი შესაძლო ჩართულობიდან, ასევე მიტროპილიტ პეტრედან, მიტროპოლიტ დიმიტრიდან და ა.შ. გადაიტანოს სრულიად სხვა მიმართულებით; დიდი ალბათობაა იმისა, რომ დაცვის სამსახურის უფროსი შიშობს რა ჩვენებას მისცემს დაკავებული დეკანოზი; ეს ჩვეულებრივი საინფორმაციო ომის ნაწილია იმის პარალელურად, როდესაც პროკურატურა პასიურად გამოხატავს პროცესების შესახებ ინფორმაციას. ეს ფორმულა, რითიც გარკვეული ჯგუფი დაუკავშირდა მედიასაშუალებას, მანამდე გაავრცელა ინტერვიუ სოლიდურ გამოცემაში და ა.შ. ცნობილი ფორმულაა პროპაგანდისტული საინფორმაციო კამპანიისა, რისი მიზანიც პატრიარქის შესაძლო ლიკვიდაციის გამოძიების ხელის შეშლა და საინფორმაციო ომი შიდა პოლიტიკური ჯგუფებისათვის ბიძგის მისაცემად უნდა იყოს. დიდი ფიქრი არ უნდა იმას, რომელი პოლიტიკური ჯგუფები შეიძლება იყვნენ მოწადინებულები დღეს სახელმწიფოს შეუშალონ გამოძიებაში ხელი და გამოიყენონ პროცესი პარტიული პოლიტიკური მიზნებისათვის. ახალი არაფერია – კლასიკური პროპაგანდისტული საინფორმაციო ომი სინოდის რამდენიმე წევრის, რომელიც ჯამში ერთის გარშემო არიან წარმოდგენილი და მასთან დაახლოებული ჯგუფისა პატრიარქისა და მისი მხარდამჭერი პირების მიმართ. პროკურატურას ვთხოვდი და მოვუწოდებდი მეტ ოპერატიულობას, მისი თითოეული წუთის დუმილი გამოძიების წინააღმდეგ და საზოგადოების დეზორიენტაციისაკებ იქნება გამოყენებული“, – წერს გამზარდია სოციალურ ქსელში.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაცვის უფროსი სოსო ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ ე.წ. ციანიდის საქმესთან მის დაკავშირებას ცდილობენ. ოხანაშვილის ინტერვიუდან მოკლე ამონარიდს ”პოსტსკრიპტუმი” ანონსის სახით ავრცელებს. „ეს არის ეკლესიის მტრების მიერ კარგად ორგანიზებული მზაკვრობა. პატრიარქის კარზე სულ იყო ასეთი ინტრიგები“, – აცხადებს სოსო ოხანაშვილი. მისივე თქმით, პატრიარქს გერმანიაში უთხრეს, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე ბერლინში მის მოსაწამლად მიდიოდა და ისიც უთხრეს, რომ მამა გიორგი მარტო არ მოქმედებდა. ”პირდაპირ უთხრეს და არა მარტო ეს, არამედ ისიც უთხრეს, რომ მე იმიტომ გამომიძახეს, თითქოს მარტო არ მოქმედებდა მამა გიორგი და არის მცდელობები, მოხდეს ამ საქმესთან ჩემი დაკავშირება”, – განაცხადა სოსო ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები