გიორგი მარგველაშვილი: ეს ქვეყანა ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი და ყოველთვის მიაგებს პატივს სამშობლოსათვის თავგანწირულ გმირებს

ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს ტაბახმელაში 1921 წლის 25 თებერვალს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო.

იუნკერების მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასთან, ადმინისტრაციის უფროსთან, გიორგი აბაშიშვილთან, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან, დავით რაქვიაშვილთან და მრჩევლებთან ერთად იმყოფებოდა.
„დღეს ჩვენ ვდგევართ იქ, სადაც იდგნენ ჩვენი წინაპრები და იცავდნენ სამშობლოს საბჭოთა ოკუპაციისაგან. აქ იდგებიან ჩვენი შთამომავლები, იმიტომ, რომ ეს ქვეყანა, ეს მიწა-წყალი ყოველთვის იქნება დამოუკიდებელი და ყოველთვის პატივს მიაგებს იმ გმირებს, ვინც დაიცვა ჩვენი სამშობლო.
რეალურად, აქ მიმდინარეობდა ის ბრძოლები, რომელიც თბილისის აღებამდე ბოლო ბარიერი იყო და ჩვენ ვაპირებთ, აი, აქ, იმ შემაღლებებზე, სადაც სანგრები იყო და სადაც ჩვენი სახელოვანი მამულიშვილები იცავდნენ დედაქალაქს, აღვადგინოთ ამ სანგრების ნაწილი, რათა ახალგაზრდებმა, ტურისტებმა და ჩვენ ყველამ ვნახოთ, კონკრეტულად სად იბრძოდნენ და სამშობლოსთვის თავს სწირავდნენ ჩვენი ქვეყნის დამცველები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით, განხორციელდება 1921 წლის თებერვალში გამართული ყველაზე მძიმე ბრძოლის ადგილის არქეოლოგიური შესწავლა და არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობის პირვანდელი სახით აღდგენა.
აღდგენილი სანგარი გახდება ახალი ტურისტული მარშრუტი და ხელს შეუწყობს მომავალი თაობების დაინტერესებას საქართველოს სამხედრო ისტორიით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები