თეა წულუკიანი: სტრასბურგში წარსაგზავნ მოსამართლეთა შესარჩევი კრიტერიუმები არ გადაიხედება

“სტრასბურგში წარსაგზავნი მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები ევროპული კონვენციით არის დადგენილი, რისი შეცვლაც ქართულ მხარეს არ შეუძლია,”- ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ევა გოცირიძის ღია წერილს, რომლითაც ის პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და იუსტიციის მინისტრს მიმართავს.
მისივე თქმით, ქართულ მხარეს გარკვეული სიახლეებიც აქვს. იუსტიცის მინისტრი ამბობს, რომ კომისიაში ადვოკატებისა და სასამართლოების მეტი წარმომადგენლობა იქნება.
“ევა გოცირიძე იმაზეც საუბრობს, რომ ქვეყნის შიდა პროცედურებში ევროპის საბჭოს წარმომადგენელი ჩავრთოთ. მინდა დავამშვიდო ის და ვთქვა, რომ ევროსაბჭოს მსგავსი შეთავაზება გავუგზავნეთ, რაზეც უარი მივიღეთ, ისინი შიდა პროცესებში არ ჩაერევიან. ევროსაბჭოს ზოგიერთმა წარმომადგენელმა ისიც კი მისაყვედურა, რომ ზედმეტად გახსნილი პროცედურით ჩავატარეთ პირველი კონკურსი,”- განაცხადა წულუკიანმა.
ევა გოცირიძე პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და იუსტიციის მინისტრს მიმართავს. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ეროვნულ დონეზე შერჩევის კრიტერიუმების გადახედვის ინიციატივით გამოდის. როგორც გოცირიძე აღნიშნავს, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში მოსამართლის არჩევისთვის ჩატარებულმა პროცედურებმა, ჯერ საქართველოში და შემდეგ ევროპის საბჭოში, გამოავლინა გარკვეული ხარვეზები და ნაკლოვანებები. ევა გოცირიძე ღია წერილში აყალიბებს ხედვას იმის თაობაზე, თუ რა და როგორ უნდა შეიცვალოს ეროვნულ პროცედურებში, რათა შესაძლებელი გახდეს ყველაზე უფრო შესაფერისი კანდიდატურების გამოვლენა და წარდგენა. მისი აზრით, პირველ რიგში, კანდიდატის შეფასების კრიტერიუმები უნდა დაიხვეწოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები