“გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები გულგრილობის ბრალია”

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი რატი იონათამიშვილი საგზაო მოძრაობის შესახებ კანონპროექტს დადებითად აფასებს და მიიჩნევს, რომ გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევები გულგრილობის ბრალია.
“პარლამენტის არჩევნებში ჩართვის დღიდან ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და ამოცანა საგზაო მოძრაობის წესების შესახებ კანონპროექტზე მუშაობა იყო. მოხარული ვარ, რომ ცვლილებების პაკეტი უკვე მზად დაგვხვდა და პირველი საკომიტეტო მოსმენებიც გაიარა. აქვე, მადლობა მინდა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში იყო ჩართული. მაგრამ, არ შემიძლია, არ აღვნიშნო ის, რაც ჩვენს გზებზე ხდება-ამასთან შეგუება არ შეიძლება. 600 დაკარგული სიცოცხლე ერთი წლის განმავლობაში სინამდვილეში გაცილებით უფრო მეტ დაღუპულ სიცოცხლეს ნიშნავს, რადგანაც თითოეულ დაღუპულ ადამიანს ჰყავდა ოჯახის წევრები, მეგობრები და ეს თითოეულ ჩვენგანსაც ეხება. სინამდვილეში, ავტოსაგზაო შემთხვევა არ არის შემთხვევა, ეს არის გულგრილობის და დაუდევრობის ფატალური შედეგი”, – განაცხადა დეპუტატმა.
მისი თქმით, დაუდევრობის თავიდან აცილება, რამაც შეიძლება მრავალი ოჯახი გააუბედუროს, ყველაზე დიდი გამოწვევაა.
“განსაკუთრებით მაღალი მოტივაცია მალაპარაკებს ამ ყველაფერზე, რადგანაც საკუთარ თავზე მაქვს განცდილი ერთმა წამმა როგორ შეიძლება შეცვალოს ადამიანის ცხოვრება, შეცვალოს შენთვის ძვირფასი ადამიანების ცხოვრება და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. აქვე მინდა გავმიჯნო, რომ მე არ ვლაპარაკობ შეზღუდულ შესაძლებლობაზე და შეზღუდული შესაძლებლობის საკითხი ჩემს ცხოვრებაში ავტოავარიის შედეგად არ დამდგარა, ეს დადგა მაშინ, როდესაც ავტოავარიის შემდეგ პირველად შევეხე გარემოს, რომელმაც ჩემი დამოუკიდებლობა შეზღუდა. ეს იყო ჩემთვის მაშინ ძალიან დიდი გამოწვევა და დიდი პასუხისმგებლობაც იმათ წინაშე, ვისზეც შეიძლებოდა ჩემს, ასე ვთქვათ, დაუდევრობას უარყოფითი გავლენა მოეხდინა. მაშინ მე ვთქვი, რომ პრობლემები ჩემს ცხოვრებაში არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ მე მათგან გამარჯვების ისტორიები შევქმნა, მაგრამ არავინ არ არის ვალდებული დადგეს იმავე განსაცდელის წინაშე, არავინ არ არის ვალდებული, რომ საკუთარ ცხოვრებაში ამ გამოწვევებით მიიღოს წარმატებები, რადგანაც ჩვენი ცხოვრება სავსეა უნიკალური წარმატებებით და ჩვენ ყოველდღიურობა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ჩვენი ცხოვრება გავხადოთ უფრო უკეთესი და გავხადოთ უფრო წარმატებული”, – განაცხადა დეპუტატმა.
სიტყვით გამოსვლისას იონათამიშვილმა ყველას სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
“მინდა, გამოვიყენო პარლამენტის ტრიბუნა და მივმართო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ახლა ჩვენ გვისმენს რადიოსთან, გვიყურებს ტელევიზიით, გადაადგილდება საქართველოს გზებზე და განსაკუთრებით მათ, ვისთვისაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა მაღალ ტონად ითვლება: ჩემო მეგობრებო, ჩვენ შეიძლება ასჯერ გაგვიმართლოს, მაგრამ ერთხელ თუ არ გაგვიმართლა, ამის გამოსწორების საშუალება აღარასდროს აღარ გვექნება. ცხოვრება ისედაც ძალიან ხანმოკლეა და არასად არ გვეჩქარება, რომ ამისთვის საფრთხის ქვეშ დავაყენოთ როგორც ჩვენი კეთილდღეობა, ასევე, ჩვენთვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანების ჯანმრთელობა და უფლება სიცოცხლის, უფლება წარმატების. აქედან გამომდინარე, მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ და აღვნიშნო, რომ სინამდვილეში წარმატება მოაქვს ურთიერთდამოკიდებულებაზე, ურთიერთპატივისცემაზე და ერთმანეთზე ზრუნვაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს და ყველას მინდა გახსოვდეთ, რომ გზა ადამიანი არ არის და გზა შეცდომებს არ პატიობს”, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები