ანა დოლიძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციაციას შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე ე.წ. ფარული მოსმენების კანონპროექტთან დაკავშირებით, ასოციაციებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრებს განაგრძობს.
ანა დოლიძე საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, უჩა სეთურის განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტის არსებული რედაქციით, ამოქმედება პირდაპირ დაემუქრება მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლების არსებობას სატელეკომუნიკაციო ბაზარზე.
მისი შეფასებით, პარლამენტში წარდგენილი ცვლილებები განსაკუთრებით დისკრიმინაციულია მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართ და მისი შესრულება ასოციაციის წევრი და არაწევრი მცირე ოპერატორების შესაძლებლობებს სცდება.
„პროექტში არ არის დაკონკრეტებული, თუ რომელი ტიპის და სატელეკომუნიკაციო მომსახურების ავტორიზებულ პირებს შეეხებათ ეს ვალდებულება, იმავე სამაუწყებლო ქსელის უზრუნველყოფაზე ავტორიზებულ პირებს – ე.წ. ტრანზიტულ მაუწყებლებს – ეს ვალდებულება ვერ დაეკისრება, საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ფუნქციებიდან გამომდინარე და რომც დაეკისროს, ვერ შესრულდება.
დაუკონკრეტებელი ვალდებულებები და საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოსთვის მინიჭებული ფართო დისკრეცია ზრდის ტექნიკურ და ფინანსურ რისკებს სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეებისთვის და არ შეესაბამება ფაქტობრივ მდგომარეობას და არსებულ მოცემულობებს“, – განაცხადა უჩა სეთურმა შეხვედრაზე.
მისი თქმით, სამწუხაროა, რომ აღნიშნული საკანონმდებლო პაკეტების პროექტის მომზადების პროცესში, არ მოხდა სატელეკომუნიკაციო ბაზრის მოთამაშეების ჩართვა, რომელთა რაოდენობა 150 კომპანიას აჭარბებს და რომელთა დიდი უმეტესობაც მცირე და საშუალო ბიზნესორგანიზაციაა.
აღნიშნულ ცვლილებებთან დაკავშირებით, ანა დოლიძე უკვე შეხვდა მოძრაობას „ეს შენ გეხება“, სახალხო დამცველს, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს, მსხვილი მობილური კომპანიების წარმომადგენლებს.
პარლამენტი ე.წ. მოსმენების საკანონმდებლო პაკეტს კენჭს დღეს პირველი მოსმენით უყრის, თუმცა საკითხი პირველი მოსმენით წინა სასესიო კვირას განიხილეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები