ლევან ბოძაშვილი: ლავროვის განცხადება ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბებაზე რუსეთის „ხანგრძლივ და ვადაგასულ სურვილზე“ მიუთითებს

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ლევან ბოძაშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებას გამოეხმაურა და ქართველი ხალხის შანტაჟის მცდელობად შეაფასა.
ამასთან, როგორც ბოძაშვილი მიიჩნევს, ლავროვის მიერ სამხრეთ კავკასიაში ტერორისტული და ნარკოტრაფიკის გზების არსებობაზე მინიშნება საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე რუსეთის „ხანგრძლივ და ვადაგასულ სურვილზე“ მიუთითებს.
მისივე აზრით, ასეთი განცხადებები წარმოადგენს რუსული ფართომასშტაბიანი ანტიქართული პროპაგანდის ნაწილს, რათა სახელი გაუტეხოს ქვეყანაში არსებულ მშვიდ გარემოს, საინვესტიციო შესაძლებლობებს და საქართველო წარმოაჩინოს არასტაბილურ ქვეყნად, თუმცა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დარწმუნებულია, რომ ეს აბსურდული და უპერსპექტივო ამოცანაა.
„რუსეთის დიპლომატიური ხასიათის თავისებურება ყოველთვის იყო, რომ რაც წაგართვა, იმაზე არ საუბრობს, მაგრამ ყოველთვის აქტიურად საუბრობს იმაზე, რაც მომავალში სურს რომ წაიღოს. უვიზო მიმოსვლის პირობად ვითომ ტერორისტული და ნარკოტრაფიკის გზების არსებობაზე ყოვლად უსაფუძვლო მინიშნებაში, სამწუხაროდ, კვლავ ჩანს რუსეთის ხანგრძლივი და ვადაგასული სურვილი, საქართველოს ჩრდილოეთ ნაწილში ე.წ. ანტიტერორისტული ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე.
ამავე დროს, ეს არის იმ ქართული საზოგადოების ნაწილის შანტაჟირების მცდელობა, რომელიც რუსეთთან უვიზო რეჟიმიდან გარკვეული სარგებლის მიღებას გეგმავს. ამავე დროს, ასეთი განცხადებები წარმოადგენს რუსული ფართომასშტაბიანი ანტიქართული პროპაგანდის ნაწილს, რათა სახელი გაუტეხოს ქვეყანაში არსებულ მშვიდ გარემოს, საინვესტიციო შესაძლებლობებს და საქართველო წარმოაჩინოს კრიმინალურ, არასტაბილურ ქვეყნად და საბოლოო ჯამში, შეასუსტოს მისი საინვესტიციო და ეკონომიკური განვითარების პოტენციალი. ეს აბსურდული და უპერსპექტივო ამოცანაა, რადგან ქართველი ხალხი არასოდეს წამოეგება მსგავს პროვოკაციულ და შანტაჟისტურ მიდგომებს და არ გახდება რუსული პროპაგანდის უნებლიე ტყვე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც საკითხი ეხება ისეთ წითელ ხაზებს, როგორიც ოკუპაციაა.
ამასთან, თუ ტერორიზმითა და მიგრაციით შეწუხებული ევროპისათვის უვიზო მიმოსვლის საქართველოსთვის დაწესება არ წარმოადგენს პრობლემას, რა საფუძველი აქვს იგივე რუსეთს ასეთი განცხადებებისთვის?” – აღნიშნა ბოძაშვილმა.
უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის თქმით, რუსულმა მხარემ კარგად იცის, რომ არც ნარკოტრაფიკული და არც ტერორისტული თვალსაზრისით საქართველოში არანაირი პრობლემები არ არსებობს.
როგორც ცნობილია, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების წინაპირობად რუს და ქართველ სამართალდამცავ ორგანოებს შორის „სრულფასოვან თანამშრომლობას“ ასახელებს.
ლავროვი საუბრობს ტერორისტების მიერ სამხრეთ კავკასიის რეგიონის მარშრუტის გამოყენების საფრთხეზე და აცხადებს, რომ ასეთ პირობებში, სავიზო რეჟიმის გაუქმება როგორც დიპლომატიური ურთიერთობების, ისე უსაფრთხოების საკითხებს უკავშირდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები